Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ევან გერშკოვიჩის გაცვლის თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს


Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი
Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი

შეერთებული შტატები რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ევან გერშკოვიჩის გაცვლის შესახებ. გაზეთი New York Times-ი ეყრდნობა აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ, ჯეიკ სალივანს, რომელმაც განაცხადა, რომ "იყო დისკუსიები, მაგრამ ამ დისკუსიებმა ვერ მიგვიყვანეს საკითხის გადაწყვეტის მკაფიო გზამდე", - განუცხადა სალივანმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს არ აქვს "მკაფიო პასუხი" კითხვაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიოს გერშკოვიჩის გათავისუფლებას.

"ყველაფერი, რაც მე შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს მკაფიო ვალდებულება და რწმენა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის სახლში დავაბრუნოთ", - დასძინა სალივანმა.

ივლისის დასაწყისში კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი განიხილავენ პატიმრების ახალ შესაძლო გაცვლას, რომელიც შეიძლება შეეხოს Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩსა და რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ დუნაევს, რომელიც კიბერდანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული აშშ-ში.

5 ივლისს აშშ-მა დუნაევთან საკონსულო წვდომა დაუშვა 2021 წელს მისი დაპატიმრების შემდეგ პირველად. იმავე დღეს გერშკოვიჩს, მარტის ბოლოს დაკავების შემდეგ მეორედ, ეწვია აშშ-ის ელჩი მოსკოვში ლინ ტრეისი.

მაგრამ პესკოვმა მკაფიო პასუხი არ გასცა ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ მიმდინარეობს, თუ არა გერშკოვიჩის და დუნაევის გათავისუფლების პროცესი.

"არსებობს გარკვეული კონტაქტები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არანაირად არ გვინდა მათი გამოტანა საჯარო სიბრტყეზე. ისინი სრულ სიჩუმეში უნდა ხორციელდებოდეს და გრძელდებოდეს“, - მოჰყავს პესკოვის სიტყვები „ინტერფაქსს“.

ევან გერშკოვიჩი 29 მარტს დააკავეს ეკატერინბურგში. მეორე დღეს მოსკოვის სასამართლომ იგი ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსა. ფსბ ირწმუნება, რომ ის შეერთებული შტატების დაკვეთით საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა ერთ-ერთი რუსული სამხედრო-სამრეწველო საწარმოს შესახებ. ბრალდების დეტალები არ არის ცნობილი.

გერშკოვიჩმა დანაშაული არ აღიარა. Wall Street Journal-მა კატეგორიულად უარყო ბრალდებები ჯაშუშობის შესახებ და განაცხადა, რომ გერშკოვიჩი თავის სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა. კერძოდ, მან ეკატერინბურგის მაცხოვრებლები გამოჰკითხა იმ დანაკარგების შესახებ მათ რეაქციაზე, რასაც უკრაინაში განიცდის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი რუსეთის მიერ „უმართებულოდ დაკავებულად“ აღიარა. ეს სტატუსი მძევლის სტატუსის ტოლფასია და ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, მის გასათავისუფლებლად გამოიყენოს დამატებითი მექანიზმები - კერძოდ, ამერიკის მოქალაქის გაცვლაზე აწარმოოს მოლაპარაკებები.

ჯაშუშობის ბრალდებით გერშკოვიჩს რუსეთში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვლადიმირ დუნაევი არის ჰაკერი იაკუტიიდან. 2021 წელს ის სამხრეთ კორეიდან აშშ-ში იქნა ექსტრადირებული. აშშ-ის ხელისუფლება მას ადანაშაულებს გამომძალველი პროგრამა Trickbot-ის შექმნაში, რომლითაც, სავარაუდოდ, ათობით მილიონი დოლარი იქნა მოპარული.

გასული წლის ბოლოს აბუ-დაბის აეროპორტში ამერიკელი კალათბურთელი ქალი, ბრიტნი გრინერი, რომელიც ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით იყო რუსეთში მსჯავრდადებული, გაცვალეს რუსეთის მოქალაქე ვიქტორ ბუტზე, რომელიც აშშ-ში იხდიდა სასჯელს იარაღით ვაჭრობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG