ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში წუხილს გამოთქვამს დღეს, 8 ივლისს „პრაიდ ფესტივალის“ გაუქმების გამო და წერს, რომ გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი.
„ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, - წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუკგვერდზე.
განცხადებას ავრცელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოც და მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ამით ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია.
„დღეს „თბილისი პრაიდი“ იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია“, – აღნიშნილია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
„თბილისი პრაიდის“ დღევანდელ ღონისძიებაზე ძალადობას და თავდასხმებს გმობს გაერო გმობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაც.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის, ლგბტქი+ პირებისთვის“, – წერს საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა.
დღეს, რვა ივლისს, „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის ფესტივალი“ უნდა გამართულიყო, ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა დაიკავეს, რომლებიც ღონისძიების გამართვას აპროტესტებდნენ.
მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი, შევიდნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დაარბიეს. პოლიციას ისინი არ შეუჩერებია - პასუხად შსს-მ განაცხადა, რომ "ძალიან ბევრი ხალხი მივიდა, რომელთა შეჩერება გაშლილ ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო".
ჩაშლილი „პრაიდ ფესტივალის“ ორგანიზატორების აზრით, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ, პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა.