Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსული ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ“, - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლას აფასებენ


ანტილგბტ აქციის მონაწილეები "პრაიდ ფესტივალის" ღონისძიების ადგილზე, 8 ივლისი, 2023
ანტილგბტ აქციის მონაწილეები "პრაიდ ფესტივალის" ღონისძიების ადგილზე, 8 ივლისი, 2023

8 ივლისს, ჰომოფობიურად განწყობილი, ანტიდასავლური აქციის წევრების მიერ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმიანებიან.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ფესტივალის ჩაშლაზე წერს, რომ ის ამაზრზენი კადრები, რაც ყველამ იხილა, ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის სახეა. ხოლო ეს ხალხი, ვინც ფესტივალი ჩაშალა და შემდგომ ღონისძიების ადგილი დაარბია, ივანიშვილის რეჟიმის ნაწილი და მათი ინსტრუმენტია.

„გახსოვთ ალბათ, მათი "არგუმენტი", რომ ხალხს ნუ აღიზიანებენ, ქუჩაში ნუ გამოდიან, აქ სადღაც ლისის ტბის იქით წავიდნენ და იქ მიადგნენ, იქ დააორგანიზეს ეს სამარცხვინო, ამაზრზენი ამბავი, იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმს სჭირდება ამ თემით საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა ან ამის მცდელობა. იმიტომ, რომ ამ თემას ის იყენებს ჩვენი დასავლური, ანუ ქართული თავისუფალი მომავლის წინააღმდეგ“.

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

გიგა ბოკერიას შეფასებით, ეს არ არის მხოლოდ ერთი ჯგუფის პრობლემა, ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს და მისი ყველა მოქალაქის მომავლის, თავისუფლების და ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

პარლამენტის უპარტიო დეპუტატი თეონა აქუბარდია კი ამბობს, რომ დღევანდელმა მოვლენებმა მას და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახვა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ულტრარადიკალურ, პრორუსულ დაჯგუფებებზე დგას, მისი ძალაუფლება ამ ხალხს ეყრდნობა.

თეონა აქუბარდია
თეონა აქუბარდია

„მე ვცხოვრობ ნუცუბიძის ქუჩაზე და ვხედავდი, რა რაოდენობის ხალხი მიემართებოდა ლისის ტბისკენ და რა რაოდენობის პოლიცია იყო იქ. ეს იყო არაპროპორციული ძალა, რომელიც, ცხადია, ამ ხალხს ვერ შეაკავებდა. და ეს იმ დროს, როცა ნებისმიერი ანტისამთავრობო პროტესტი ძალადობრივი გზით იშლება. როცა ძალაუფლების დაცვაა აუცილებელი, პოლიციას ყოფნის ადეკვატური ძალა, მაგრამ როდესაც კონსტიტუცია და გამოხატვის თავისუფლებაა დასაცავი, მაშინ - არ“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.

მისი კიდევ ერთი კოლეგა, დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე კი ამბობს, რომ ქუჩაში რომ ოპოზიცია მდგარიყო, ყველა შესასვლელს ჩაკეტავდნენ.

ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე

„ღია ტერიტორიამდე ამ ხალხის მისვლა იყო კატასტროფა. პოლიციას უნდა ჩაეკეტა ვიწრო ქუჩები, რომ მათი გადაადგილება არ მომხდარიყო. ელემენტარული ცოდნა უნდა ამას“, - წერს ხატია დეკანოიძე.

8 ივლისის მოვლენებს გამოეხმაურა „გირჩი - მეტი თავისუფლებაც“, რომელიც წერს, რომ ამ ქვეყანაში პოლიცია იცავს ივანიშვილს, მის ძალაუფლებას და ქვეყნის განვითარების ვექტორის მცოცავ ცვლილებას რუსეთისკენ.

ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

„ამ ქვეყანაში ოცნება აერთიანებს სუს-ს, პოლიციას, მურუსიძის სასამართლოს, საპატრიარქოს მრევლს, კრიმინალურ სამყაროს, რომლებშიც გადაზელილია ის ორკების არმია, რომელიც დღეს ვიხილეთ. ამ ხალხზე დგას დღეს აქ რუსეთიც, ბიძინაც და მისი ნებისმიერი მონაც. არავინ მათ არ მოექცევა ისე, როგორც ექცევიან იმ ხალხს, ვინც რუსეთს/ბიძინას ებრძვის. მითუმეტეს, არავინ მათ არ დაშლის წყლით, გაზით და ხელკეტებით. „მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ“-საც კი არ ჩაურთავენ. რუსეთი თავის დასაყრდენ ტოტს არ მოჭრის. ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა მტრის ინტერესებშია. ეს სიბნელე მარტივად არ დასრულდება და სანამ ყველასთან დააკაკუნებს, უნდა გამოვფხიზლდეთ. რუსული ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ“, - წერია ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

პარტია „დროა“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ყველა ლგბტქი+ ადამიანს და „თბილისი პრაიდის“ გუნდს და აცხადებს, რომ ყველა შესაძლო სახით, თუნდაც ფიზიკურად, დაიცავენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას.

„საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოაწყო ძალადობის დემონსტრირება. ხელწერა იგივეა - ჟურნალისტებზე და განსხვავებულ, მათთვის მიუღებელ საზოგადოების ნაწილზე თავდასხმა. ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებზე შეტევა, დარბევა და დაკავებები. ვნახეთ როგორ იცავდა ქართული პოლიცია ლავროვის ოჯახის ქორწილს და ქეიფს პროტესტის მონაწილეებზე სასტიკი ფიზიკური შეტევით. სწორედ ამიტომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც ხელისუფლება არის ძალადობისა და დაპირისპირების პირველი და ყველაზე დიდი წყარო“, - წერს „დროა“.

მომხდარს გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებელიც", რომლის განცხადებით, ქრისტეს სახელით ჩადენილი ძალადობა თავად არის უდიდესი ბოროტება მართალსარწმუნოებისა და ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგ.

გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

"დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ ხელისუფლების მიერ წაქეზებული და ორგანიზებული ძალადობა, რაც კიდევ ერთი უტყუარი დამამტკიცებელი საბუთია, რომ ხელისუფლება რუსული მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას რადგან მსგავსი ქმედებები და გამოგონილ საფრთხეებთან ბრძოლა სწორედაც რომ რუსული ხელწერის ზუსტი ასლია.", - წერია პარტიის განცხადებაში.

“სტრატეგია აღმაშენებელი” გმობს ყოველგვარ ძალადობას და მიაჩნია, რომ ხელისუფლების უპირველესი ვალდებულება თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და უსაფრთხოების დაცვაა რასაც სამწუხაროდ არათუ არ აკეთებს “ქართული ოცნება” არამედ თავად არის მოძალადე.

"დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, პარტიას ექვემდებარება და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს", - წერს პარტია "საქართველოსთვის".

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

მათი განცხადებით, ხელისუფლებამ, რომელიც განუყოფელია ძალადობრივი ჯგუფებისგან, ადამიანები მოატყუა, რომ დაიცავდა, რათა შეკრების ადგილზე რაც შეიძლება მეტი მოძალადე მიეყვანა და შემდგომ ეს მათ გამარჯვებად გაეფორმებინა.

"ოცნებამ ერთი ხელით ადამიანებს უსაფრთხოების ცრუ გარანტიები მისცა და მეორე ხელით ძალადობა დააორგანიზა. ეს არის მკაფიო გზავნილი ხელისუფლების მხრიდან, რომ როცა დასჭირდებათ და ვის წინააღმდეგაც დასჭირდებათ იძალადებენ თუ ეს მათ პოლიტიკურ ინტერესშია. ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება, ხელისუფლება წინასაარჩევნო პროცესის ძალადობრივ გარემოში წარმართვას აპირებს".

"სახელმწიფო არ/ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, დაიცვას ადამიანები, მათი გამოხატვის და შეკრების თავისუფლება", - წერს პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე
ირაკლი კუპრაძე

მისი თქმით, რაც დღეს ხდებოდა, ეს არც მოქალაქეობაა და არც ქრისტიანობა: "ეს არის მოძულეობა საკუთარი ქვეყნის და მომავლის!".

დღეს, რვა ივლისს, „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის ფესტივალი“ უნდა გამართულიყო, ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა დაიკავეს, რომლებიც ღონისძიების გამართვას აპროტესტებდნენ.

მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი, შევიდნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დაარბიეს. პოლიციას ისინი არ შეუჩერებია - პასუხად შსს-მ განაცხადა, რომ "ძალიან ბევრი ხალხი მივიდა, რომელთა შეჩერება გაშლილ ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო".

ჩაშლილი „პრაიდ ფესტივალის“ ორგანიზატორების აზრით, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ, პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა.

XS
SM
MD
LG