Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხელისუფლების მიერ, პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე“ – „თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებს


ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დღეს, 8 ივლისს, როცა თბილისში „პრაიდის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება იყო დაგეგმილი, ხელისუფლებამ წაახალისა და მხარი დაუჭირა ძალადობას.

განცხადების ავტორები წერენ, რომ დღეს მათ ცხადად დაინახეს, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე და „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ტერიტორიაზე, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „ალტ-ინფოს“ ერთობლივი, კარგად დაგეგმილი ოპერაცია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ.

„ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული პოლიცია, რომელიც ფესტივალის ტერიტორიას „იცავდა“, გვარწმუნებდა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები ახლოს ვერ მოვიდოდნენ, ამის პარალელურად კი, მედიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ დაუბრკოლებლად, შეთანხმებულად მოდის პოლიცია და ძალადობრივი ჯგუფი ტერიტორიისკენ“, - წერენ ორგანიზაციის წევრები.

მათი მონათხრობით, „ალტ-ინფოს“ წევრებმა ფესტივალის მონაწილეები ალყაში მოაქციეს, პოლიციამ კი, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დაეშალა, წინასწარ მომზადებული ტრანსპორტით დაატოვებინა "პრაიდის ფესტივალის" ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ტერიტორია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებებიდან აშკარაა, რომ ეს სამარცხვინო „ევაკუაცია“ მათ გამარჯვებად მიაჩნიათ, სინამდვილეში კი, ესეც წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი და მათი უმოქმედობის დასტური იყო“, - წერია განცხადებაში.

„თბილისი პრაიდი“ შენიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე მოსამზადებელ პერიოდში, კვირების განმავლობაში და ფესტივალის დღესაც დაცვის გარანტიებს აძლევდნენ, მაგრამ დღეს პოლიციამ ნება დართო „ალტ-ინფოს“ წევრებს, შეჭრილიყვნენ ფესტივალის კერძო, დახურულტერიტორიაზე, თავს დასხმოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და გამოუსწორებელი ემოციური ტრავმა მიეყენებინათ მათთვის. მათი აზრით:

  • პოლიციამ არ გადაკეტა ფესტივალის ტერიტორიამდე მოსასვლელი გზა, რომ ხელი შეეშალა მოძალადე ჯგუფისთვის; პოლიციამ თავდამსხმელების მიმართ არ გამოიყენა პროპორციული ძალა.
  • ხელისუფლებამ არ დააკავა 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები;
  • ხელისუფლებამ არ დააკავა 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არც მაშინ, როდესაც 8 ივლისის ძალადობა დააანონსეს;
  • ხელისუფლებამ წაახალისა და მხარი დაუჭირა ძალადობას.

ჩაშლილი „პრაიდის ფესტივალის“ ორგანიზატორების აზრით, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ, პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა.

8 ივლისს, თბილისში, „ლისი ვანდერლენდში“ დაგეგმილი პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ჰომოფობიურად განწყობილმა ანტილგბტ აქციის წევრებმა ჩაშალეს. ასობით ადამიანი დილიდან დაიძრა ვაჟა-ფშაველას ტერიტორიიდან ლისის ტბისკენ. მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონები, შეიჭრნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დალეწეს.

პოლიციას მათ შესაკავებლად სპეციალური საშუალებები არ გამოუყენებია.

მათ მხოლოდ ფესტივალის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ადგილიდან ევაკუაცია შეძლეს.

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა იყო „წინასწარ კოორდინირებული“ პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის.

XS
SM
MD
LG