Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა მსვლელობა დაიწყეს


ანტილგბტ აქციის მონაწილეები ვაჟა ფშაველას მეტროსთან, 8 ივლისი, 2023
ანტილგბტ აქციის მონაწილეები ვაჟა ფშაველას მეტროსთან, 8 ივლისი, 2023

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ 8 ივლისს დილიდან შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა, ანტიდასავლურმა ჯგუფებმა ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს.

ანტილგბტ აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „პრაიდის კვირეულში“ დაგეგმილი ფესტივალის ორგანიზატორებს მისი ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

„ჩვენი ამოცანაა, ავიდეთ იქ ბოლომდე ყველა მიზეზგარეშე. იმ ტერიტორიას, სადაც მაგათ რაღაცის ჩატარება უნდათ, ჩვენ, ხალხი მოვაქცევთ ალყაში. საქართველო თუ ჩვენია, აქ ჩვენი წესები უნდა მოქმედებდეს. დღეს უნდა გაეცეს პასუხი, ვისია ეს ქვეყანა“, - ასე მიმართა „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ იქ შეკრებულ ხალხს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

„თბილისი პრაიდმა“ გუშინ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 8 ივლისს არ ტარდება ქუჩის მსვლელობა. ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე გაიმართება, იქ მხოლოდ მიწვეული სტუმრები მივლენ და, რომ ფესტივალს აქვს მხოლოდ საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.

8 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, რომლის თანახმად, მიიღებენ ყველა შესაბამის ზომას, რომ ფესტივალი უსაფრთხოდ ჩატარდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს.

8 ივლისის აქციის მთავარი ორგანიზატორია „ალტო-ინფო“ და მის ბაზაზე დაარსებული კონსერვატიული პარტია, რომლებიც მკაფიოდ პრორუსული განწყობებით გამოირჩევიან და საქართველოს არა ევროპის, არამედ რუსეთის ორბიტაზე ხედავენ.

„პრაიდის კვირეული“ შარშანაც გაიმართა. 2022 წლიდან ორგანიზატორებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე. 2021 წელს კი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

აქამდე დაკავებული არ არის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.

XS
SM
MD
LG