Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პორნოკრატია


ავტორი: ამირან კაპანაძე

რა თქმა უნდა თავად ტერმინი შუა საუკუნეებს და პროსტიტუციის შანტაჟისთვის გამოყენებას უკავშირდება, განსაკუთრებით კი იმ მონაკვეთს, რომლის დროსაც მანიპულაციის ინსტრუმენტები თავად გახდნენ დომინანტები და თავის გავლენიშ ქვეშ ყველაზე პატრიარქალური ინსტიტუტი მოაქციეს. ანუ როდესაც უმაღლესი საეკლესიო იერარქები თავად გახდნენ მსხვერპლნი, მაშინ როცა თავად იყვნენ ისინი ვინც მოსახლეობაში სექსუალური ურთიერთობების საკრალიზებას და ფიზიოლოგიური აქტის ჩადენისთვის დანაშაულის გრძნობას აღვივებდნენ თავგამოდებით. სირცხვილის და დანაშაულის გრძნობით მანიპულაციის გარდა შუა საუკუნეებში მრუშობის ცოდვისთვის ინკვიზიციას შესაძლოა კოცონზეც კი დაეწვა ადამიანი.

პორნოკრატია ამა თუ იმ დოზით ვიწრო სპეციალისტების პრაქტიკა უფრო იყო ვიდრე მასობრივი დისკრედიტაციის იარაღი, თუმცა როგორც აღმოჩნდა საქართველოში ეს უკანასკნელიც დიდი წარმატებით მოვახერხეთ. აქვე უნდა აღინიშნოს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დიდი წვლილი სწორედ მისი მასობრიობაში გადაზრდისთვის და ერთგვარ პროპაგანდისტულ გამონათქვამებად გარდაქმნაში. თავად რუსეთში სექსუალური შანტაჟის პრაქტიკა ფულის გამოძალვის მიზნიდ საკმაოდ მარტივი და ეფექტური სქემის სახით არსებობდა, როცა ქალი ცდილობდა შეძლებული მაგრამ გულუბრყვილო (რუსები მათ ფრაერებს ეძახიან კრიმინალურ ენაზე, ქართულად როგორც არიფი ისე ითარგმნება) ადამიანის თავის საწოლ ოთახში შეთრევას, რის შემდეგაც ეჭვიანი ქმარი დაადგებოდათ რა თქმა უნდა. მსგავსი პრაქტიკები ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უფრო მეტად დაიხვეწა და გაჩნდა ფოტო-ვიდეო მტკიცებულებების და შანტაჟის გრძელვადიანად გამოყენების პირობებიც.

წარმოიდგინეთ ახლა, როცა მსგავსი კომპრომატებით შეგიძლია მთელი ძალაუფლების ვერტიკალის დაშანტაჟება და მათი ყურმოჭრილ ყმებად ქცევა. სქემა მარტივია, არჩევ მხოლოდ იმ ადამიანებს საკვანძო პოზიციებზე, რომელნიც ამ მხრივ მოწყვლადნი და ადვილად ღირსება აყრადნი არიან. თუ კი ვინმე რამეს გაბედავს უბრალოდ საჯაროდ დასჯი იმისთვის რომ სხვებმა ჭკუა ისწავლონ და ეგრეთწოდებული პოლიტიკური თვითლიკვიდაციის აქტი არ ჩაიდინონ სიმამაცის ან თვითნებობის არასასურველი გამოვლინებისთვის. ასე შეიძლება აიხსნას რა თქმა უნდა კონკრეტული ელიტარული ჯგუფის გამოჭერის, შანტაჟის და კონტროლის მექანიზმები, მაგრამ როგორ შეიძლება ეს მოხდეს მასობრივ დონეზე?

სწორედ ამას სჭირდება წლების განმავლობაში მიზანმიმართული და შეუპოვარი მუშაობა დეზინფორმაციის საშუალებების გამოყენებით. რა თქმა უნდა შუა საუკუნეების ტექნიკები რუსეთის იმპერიისთვის დღესაც აქტიური პრაქტიკის საგანია, რაც დეზინფორმაციულ ქსელში საკუთარი ეკლესიის აქტიურ ჩართვას გულისხმობს. ამისთვის საჭიროა ისევ სექსუალური ურთიერთობების საკრალიზება და ხალხის იმაში დარწმუნება, თითქოს ის ყველაზე მაღლა რომაა, ძაან არის დაინტერესებული 8 მილიარდი ადამიანი მიჰყვება თუ არა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გრაფიკს და მათ მიზანშეწონილობას. სამყაროს შემოქმედს, რომელმაც ყველაფერი გამოიგონა, მათში კანონზომიერები ჩადო და უფრო მეტიც ამ კანონზომიერებებიდან გადახრებიც თავად დააპროექტა თურმე ძალიან ბრაზდება მაშინ როცა მის ინსტრუქციებს არ ასრულებენ, რომელთაც უზენაესის არქეტიპული განსახიერებების მეშვეობით გადმოგვცემს ამბიონიდან. თუმცა ერთია როდესაც ამას კონკრეტულ რელიგიურ ჯგუფს უქადაგებ და მის მიმდევრებს აჯერებ ზემოთხსენებულის ჭეშმარიტებაში, მაგრამ მეორეა, როდესაც ნაციონალურ იდენტობად და მთავარ ღირებულებად გარდაქმნი. რა თქმა უნდა მსგავსი იდეოლოგიური პრობლემები ანტიკურ სამყაროსაც აწუხებდა და ისინიც ზუსტად იმავე ზოოლოგიური რეპროდუქციის მოტივით ხსნიდნენ და წყვეტდნენ მსგავს საკითხებს. თუმცა მასობრივ დონეზე მისი მნიშვნელობის წამოწევა სწორედ კოლექტიური შანტაჟისთვის შესამზადებელი პრელუდიაა.

კერძოდ ნარატივების გავრცელება, თითქოს თანამედროვე დასავლურ სამყაროში აუცილებლად გაიძულებენ იმ გაკვეთილებზე ჯდომას, სადაც ჯერ უსქესო არსებად ყოფნას დაგაჯერებენ, მერე შენ შემოგთავაზებენ „LGBTQIA“ ერთერთი მიმართულება აირჩიო თვითიდენტიფიკაციისთვის და მხოლოდ ამის მერე მოგცემენ უფლებას რომ იარსებო. მერე აუცილებლად გაგანაწილებენ ოჯახში სადაც მამა N1 და მამა N2 გეყოლება ან დედა იმავე მიმდევრობით, რომლებიც აუცილებლად გაიძულებენ სხვა და სხვა გარყვნილ აქტივობებში ჩართვას და ეცდებიან როგორმე ეგრედ წოდებული „ნატურალი“ არ გამოვიდეს შენგან. მერე ამაზე ის ზევით რომაა და ყველაფერი მაგის დაპროექტებული, ძალიან გაბრაზდება და ცეცხლის წვიმას მოიყვანს როგორც სოდომის და გომორის თავზე. წესით აბსურდია მაგრამ, გამონათქვამი ხომ არსებობს: „მწამს რადგან აბსურდია“.

თუმცა ამ ყველაფრის მასობრივი დივერსია სჭირდება წინასაარჩევნო დიდი მოვლენის სახით, რომელსაც ციხის კადრების და მათი შემოქმედის, რეჟისორის, ოპერატორის და აღმასრულებელი პროდუსერის უმწიკვლოების მტკიცებით ამხელ ძალადობრივ სისტემას. და აი ისიც ნამდვილი მტკიცებულება, თუ როგორ ცდილობდა დასავლეთიდან ხელდასმული და მათი დემოკრატიული განვითარების მედროშე სექსუალურ ძალადობას მასობრივ დონეზე მთელს პენიტენციალურ სისტემაში.

რა თქმა უნდა მსგავსი პრეცენდენტი სრული შოკი იყო იმ ადმიანებისთვის, რომელთაც ნაცნობები და ახლობლები ყავდათ ციხეში და ამ კოლექტიური ტრამვის ფონზე იმის მტკიცება, რომ სწორედ ეს იყო დასავლური სამყაროს შეკვეთა არის ის მასობრივი დივერსია, რომელმაც საკითხის უფრო ღრმად საკრალიზება და უფრო მეტიც მთელი მოსახლეობის კოლექტიური შანტაჟი გახადა შესაძლებელი. ის, რომ ეს არსებული ხელისუფლების აშკარად გამოკვეთილი ხელწერაა, რამოდენიმეჯერ თავი შეგვახსენა, როგორც პოლიტიკური ისე საჯარო თანამდებობის პირებისთვის კადრების გამოქვეყნებით და მათი პოლიტიკური დისკრედიტაციის ინსტრუმენტად გამოყენებამ. ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს მისი მასობრივი გამოყენების პრაქტიკაც, როდესაც მუდმივად ახდეს თითქოს არაპირდაპირი რადიკალური ჯგუფების მიერ სექსუალური ორიენტაციის საკრალიზებას და მუდმივი ზეწოლის ცენტრის შექმნას სექსუალური უმცირესობების სახით. იმ გათვლით, რომ ეს ჯგუფი მუდმივად მოწყვლადი იქნება, მათ საზოგადოების უმეტესობისგან ვერასდროს ექნებათ თანაგანცდის იმედი და შესაბამისად მათი ღონისძიებების ჩაშლით მუდმივად შეძლებ ახალი რადიკალური გმირების გამოცხობას. რომელთა აქტივობითაც გაამართლებ შენს უმოქმედობას და გარკვეული ტიპის ადამიანებს გაუღვივებ ალყის სინდრომს ორივე მხრიდან, რათა მათ ცრუ თვითგადარჩენის დღის წესრიგში იცხოვრონ, რეალური პრობლემებისგან გამოსავლის ძიების ნაცვლად.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG