Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს ცნობით, 6 თვეში 200-მდე მოქალაქე დააკავეს, ე.წ სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევის გამო


საოკუპაციო ხაზი.
საოკუპაციო ხაზი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის დარღვევის ნახევარი წლის სტატისტიკას აქვეყნებს. „კა-გე-ბე"-ს ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ცნობით, გასული 6 თვის განმავლობაში, ე.წ. სასაზღვრო კანონმდებლობა 185-მა პირმა დაარღვია, მათგან 8 ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დამრღვევია, 86- ე.წ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის, ხოლო 91- ე.წ. სასაზღვრო ზონის რეჟიმის კანონდამრღვევი. როგორც გავრცელებულ ცნობაშია აღნიშნული, დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩაატარა.

დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს ცნობით, „121 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 3 პირი გააძევეს რესპუბლიკიდან, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლით. ჯარიმების გარეშე გაფრთხილებულია 46 პირი, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 7 პირის მიმართ“, - ნათქვამია დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს პრესსამსახურის განცხადებაში.

ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 8 მოქალაქე იხდის სასჯელს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბოლო დაკავება 5 ივლისს მოხდა, ლაშა ხეთერელი, ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით, ოკუპირებულ სოფელ დისევთან დააკავეს.

უკანონო „ბორდერიზაციის" და საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების სტატისტიკას საკუთარ ანგარიშში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც აქვეყნებს.

2022 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალა აქტიურად განაგრძობდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.

უწყების ინფორმაციით, 2022 წელს ცხინვალის მიმართულებით 69 უკანონო „ბორდერიზაციის" შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით – 9.

როგორც სუს-ის დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნულ უკანონო აქტივობებს შორისაა, როგორც ახალი მავთულხლართების გავლება, ასევე, ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლება, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების და თხრილების მოწყობა, საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონო აღმართვა, ასევე, ვიდეოკამერების დაყენების ფაქტები. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შემთხვევებსაც – ცხინვალის მიმართულებით 2022 წელს, უკანონო დაკავების 44 ფაქტი დაფიქსირდა, აფხაზეთის მიმართულებით – 13.

XS
SM
MD
LG