Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოში არ გამორიცხავენ მიტროპოლიტ შიოს მოწამვლას


ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს ტელევიზიისთვის, „ერთსულოვნებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ გამორიცხავს პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს მოწამვლის შესაძლებლობას. მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, მიტროპოლიტის ორგანიზმში „მძიმე მეტალები აღმოაჩინეს“.

ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალებათ. ამის გარეშე ამის მტკიცების უფლება არა მაქვს. საქმე ეხება ანალიზებს. ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები. ვიკვლევთ ამ გარემოებას. ეს ვერსიაც არსებობს (მოწამვლის. რედ.), თუმცა, როგორც გითხარით, ამის მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს გამოძიება. მე არ შემიძლია დავადასტურო“, - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, იმან განაპირობა, რომ „რაღაც პერიოდის წინ მეუფემ იგრძნო სისუსტე და ექიმების რეკომენდაციით, სწორედ ეს ანალიზები ჩაიტარა“.

„ამის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე გავიდა. მას შემდეგ ჩვენ სხვადასხვა ანალიზები გავაკეთეთ - სასმელი წყალი, რომელსაც მეუფე იღებდა, საკვები, ძირითადად რომელსაც იღებდა. და მანდ არაფერი არ აღმოჩნდა. ამიტომ საჭიროებს დამატებით კვლევას და ძიებას, რა უნდა გამხდარიყო ამის მიზეზი“, - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე. იგი არ ასახელებს კლინიკას, სადაც მიტროპოლიტ შიოს გამოკვლევები ჩაუტარდა, „რადგან ეს არის პირადი ინფორმაცია, თუმცა კვლევა საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის კლინიკაში გაკეთდა“, - ამატებს ის.

მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ასევე შეიძლება იყოს ჩარევით. გამორიცხული ჯერჯერობით არცერთი ვერსია არ არის. დამატებით გამოძიება და კვლევებია საჭირო“.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დროდადრო საჭიროა კვლავ ანალიზების გადამოწმება და შესაბამისმა უწყებებმა „შესაბამისი ძიება განახორციელონ, რომ, თუ არის რაიმე შანსი, რომ ხდებოდეს გარედან ჩარევა, ამის პრევენცია, აღმოფხვრა და აღმოჩენა მოხდეს“.

ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მიტროპოლიტი შიო კლინიკაში არ ყოფილა, ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობს. „უბრალოდ, იყო მომენტი, როდესაც განსაკუთრებულ სისუსტეს გრძნობდა“.

ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტის კითხვაზე, უშვებს თუ არა, რომ მიტროპოლიტი შიო შეიძლება მოწამლული იყოს, ამბობს: „გამორიცხული არ არის, იმიტომ რომ ნივთიერება, რომელიც მის სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, რომ გამოუყენებიათ მოწამვლისთვის“.

ანდრია ჯაღმაიძე უპასუხებს ასევე შეკითხვას, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს შესაძლო მოწამვლა.

ვერ გეტყვით, ბოლო პერიოდში, ბოლო პერიოდში კი არა, მას შემდეგ, რაც მეუფე პატრიარქმა მოსაყდრედ გამოირჩია, მის მიმართ სულ მუდამ მიმდინარეობდა კამპანია და ეს ცილისმწამებლური, დამაკნინებელი დემონიზაცია ადამიანისა. ეს კამპანია მუდამ არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ტერორისტული აქტის. ჯერ ხდება ადამიანის დემონიზება, მარგინალიზაცია, დემორალიზაცია და შემდეგ შესაძლებელი არის, რომ მეორე ეტაპი დადგეს - უკვე ფიზიკური მისი განადგურების ეტაპი. ეს მეთოდი არის, ზოგადად. პირველი ეტაპი ცხადი იყო. ყველანი ვხედავდით, ამიტომ ეჭვი იმისა, რომ ეს შესაძლებელია ერთობლივად განვიხილოთ, ამის შესაძლებლობა არის“, - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

დამატებით კითხვაზე, გულისხმობს თუ არა იმას, რომ შეიძლება გარედან ჩარევით მოხვედრილიყო მიტროპოლიტ შიოს ორგანიზმში მძიმე მეტალები, ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს, რომ არ არის გამორიცხული,

„არ არის გამორიცხული. თუმცა მტკიცებით ფორმაში ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ სხვა სახის ძიების და კომპეტენციის ხალხის უფლებაა. არ შეიძლება ეჭვი არ იყოს, თუმცა ეჭვი არ არის ფაქტი“, - განმარტავს ანდრია ჯაღმაიძე.

შეკითხვაზე, როგორ შეიძლებოდა საპატრიარქოში, რომელიც დაცული ორგანიზაციაა, მსგავსი სავარაუდო ქმედება განხორციელებულიყო, ჯაღმაიძე პასუხობს:

„ყველა ჩვენი ვარაუდის ასე ხმამაღლა თქმაც არ მინდა, თუმცა ერთს ვიტყვი, რომ იმდენად დიდი ხსნის ისტორია აქვს ამგვარ ქმედებებს და იმდენად დახელოვნებულია ამაში ის ხალხი, ვინც აკეთებს, იმდენად შორს არის წასული ამის საშუალებები, რომ ძალიან ძნელია წინასწარ ყველაფერი გათვალო და გაითვალისწინო“.

საქართველოს პატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

XS
SM
MD
LG