Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის შევჩენკოს რაიონის სასამართლოს შენობაში აფეთქება მოხდა


უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმი სასამართლოს შენობასთან. კიევი, 9 აგვისტო, 2016.
უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმი სასამართლოს შენობასთან. კიევი, 9 აგვისტო, 2016.

კიევის შევჩენკოს რაიონის სასამართლოს შენობაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება სასამართლოსა და შსს-ს წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

სასამართლოს ტერიტორიაზე გზები გადაკეტეს, უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელმა კი მოქალაქეებს ურჩია, არ მიუახლოვდნენ ადმინისტრაციულ შენობას.

გამოცემა „ჰრატი“ წერს, რომ, წინასწარი მონაცემებით, აფეთქება მოაწყო „სიჩის“ ბატალიონის მებრძოლმა იჰორ ჰუმენიუკმა, რომელსაც ბრალი ედება 2015 წლის 31 აგვისტოს უმაღლეს რადასთან ყუმბარის აფეთქებაში. მაშინ რამდენიმე ასეული ადამიანი აპროტესტებდა უკრაინის კონსტიტუციაში დონბასისთვის საგანგებო სტატუსის შემოღებას. აფეთქების შედეგად ეროვნული გვარდიის სამი მებრძოლი დაიღუპა, 140-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

დღეს სასამართლოს ჰუმენიუკისთვის აღკვეთის ღონისძიება უნდა გაეხანგრძლივებინა - ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ზოგიერთი უკრაინული ტელეგრამის არხი იტყობინება, რომ ჰუმენიუკმა, გარდა ამისა, მოახერხა ბადრაგის წევრების მძევლად აყვანა და მათთან ერთად ტუალეტში ჩაკეტვა, მაგრამ ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ მოიპოვება.

ტელეგრამის არხი Klymenko Time-ი იუწყება, რომ ჰუმენიუკი დაიღუპა. წინასწარი მონაცემებით, მან თავი მოიკლა. შევჩენკოს რაიონულ სასამართლოში შტურმის დროს პოლიციის სპეცრაზმის ორი ჯარისკაცი დაშავდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, სასამართლო სხდომის შემდეგ ჰუმენიუკი ტუალეტში ჩაიკეტა, შემდეგ კარი გააღო და დაცვას ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ორი იყო. ამის შემდეგ ჰუმენიუკმა გაქცევა სცადა.

ადგილზე მისულმა სპეცრაზმმა ბრალდებულის შეჩერება სცადა. მან გადაწყვიტა მათთვის ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა, მაგრამ აფეთქების შედეგად ის თავადვე გარდაიცვალა ადგილზე.

პოლიცია იძიებს, თუ როგორ აღმოჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობა სასამართლოში.

XS
SM
MD
LG