Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში პრეზიდენტობის ყოფილი პრეტენდენტის, ვიქტარ ბაბარიკას ვაჟს რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ედუარდ ბაბარიკას ბრალი ედება არეულობის მოწყობასა და შუღლის გაღვივებაში.
ედუარდ ბაბარიკას ბრალი ედება არეულობის მოწყობასა და შუღლის გაღვივებაში.

მინსკის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი ბანკირისა და ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ვიქტარ ბაბარიკას შვილს, ედუარდს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს გადასახადებისთვის თავის არიდებაში.

ედუარდ ბაბარიკა, რომელიც უფლებადამცველებმა პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანეს, ასევე დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების რეალიზაციაში, მასობრივი არეულობის ორგანიზებაში და სოციალური უთანხმოების გაღვივებაში. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ედუარდ ბაბარიკა არეულობის მოწყობასა და შუღლის გაღვივებაში ეხმარებოდა ოპოზიციურ ბლოგერ სიარჰეი ციხანოუსკის.

განაჩენის გამოტანამდე ვიქტარ ბაბარიკას ვაჟი სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში. სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 22 მაისს დაიწყო. 28 ივნისს პროკურორმა მისთვის კოლონიაში 10 წლით პატიმრობის მისჯა მოითხოვა.

თავად ვიქტარ ბაბარიკას 2021 წლის ივლისში მიუსაჯეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა მოწმის სახით გამოცხადდეს შვილის სასამართლო პროცესზე. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რამაც გაზარდა საზოგადოების ეჭვები უფროსი ბაბარიკას ჯანმრთელობის პრობლემების თაობაზე, აღნიშნავს რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური.

„ბელგაზპრომბანკის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ვიქტარ ბაბარიკამ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა და ამომრჩეველთა ხელმოწერების რეკორდული რაოდენობა შეაგროვა. თუმცა, 2020 წლის ივნისში ის და მისი ვაჟი ედუარდი დააკავეს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი მას უარი უთხრა კანდიდატად რეგისტრაციაზე.

2020 წლის აგვისტოში ბელარუსის არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, ალიაქსანდრ ლუკაშენკა ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად ზედიზედ მეექვსე ვადით. მაგრამ ოპოზიციის მხარდამჭერებმა შედეგები გაყალბებულად გამოაცხადეს. მათი თქმით, არჩევნები ფაქტობრივად მოიგო სიარჰეი ციხანოუსკის მეუღლემ, სვიატლანამ, რომელმაც გადაწყვიტა, კენჭი ეყარა ქმრის ნაცვლად, რომელიც დააპატიმრეს და რომელსაც მოგვიანებით ასევე მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა.

დასავლეთის ქვეყნები ლუკაშენკას არ ცნობენ არჩეულ სახელმწიფოს მეთაურად და მის რეჟიმს ადანაშაულებენ სასტიკ რეპრესიებსა და პოლიტიკური კონკურენტებისა და ცესკოს მიერ გამოცხადებული კენჭისყრის შედეგების წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა დევნაში. გაეროს თანახმად, მომიტინგეების წამებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის მარტო დოკუმენტირებული შემთხვევების რიცხვი 450-ს აღწევს. ოპოზიციის ბევრი ლიდერი, მათ შორის სვიატლანა ციხანოუსკაია, იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა.

ლუკაშენკასა და მისი გარემოცვის წარმომადგენლების წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები დაწესდა. თავად ის ყველა ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG