ბრიტანეთის არმიის სარდალი, ადმირალი ენტონი რადაკინი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომში რუსეთმა უკვე დაკარგა თავისი საბრძოლო პოტენციალის ნახევარი. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, იტყობინება გაზეთი Financial Times-ი. მას ასევე მიაჩნია, რომ უკრაინის ჯარების მთავარი კონტრშეტევა ჯერ კიდევ წინ არის.
რადაკინის თქმით, რუსეთმა უკრაინაში 2500 ტანკი დაკარგა და დაახლოებით 10 მილიონი ჭურვი დახარჯა. ამავე დროს, აღნიშნავს ადმირალი, რუსეთის სამხედრო მრეწველობას შეუძლია წელიწადში არაუმეტეს ერთი მილიონი ჭურვისა და საუკეთესო შემთხვევაში 200 ახალი ტანკის წარმოება.
მან დაადასტურა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ნელა მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ამოცანა, მისი აზრით, არის მტრის დაქანცვა და ფრონტის ხაზის გაჭიმვა. „საკითხი ისაა, რომ ათას კილომეტრზე მეტი ფრონტის ხაზი უფრო მეტად რუსეთისთვის ვაქციოთ პრობლემად, ვიდრე უკრაინისთვის“, - თქვა მან მრავალრიცხოვანი წერტილოვანი დარტყმების უკრაინული სტრატეგიის შესახებ საუბრისას.
რადაკინი თვლის, რომ უკრაინის არმიისთვის მთავარი პრობლემები ახლა არის რუსების მიერ მოწყობილი დანაღმული ველების მაღალი სიმჭიდროვე, საჰაერო მხარდაჭერის ნაკლებობა და ის, რომ უკრაინას დასავლელი პარტნიორებისგან არ მიუღია ყველა ის იარაღი, რასაც ითხოვდა. ამავე დროს, მისი თქმით, რუსეთის არმიას ამჟამად ძალა არ შესწევს საკუთარი მსხვილი შეტევისთვის.