ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანება „უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა“ უკრაინისთვის და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ნატოს წევრი ქვეყნები მოახლოებულ სამიტზე ვილნიუსში შეთანხმდნენ „პრაქტიკულ ნაბიჯებზე“, თუ როგორ მოხვდება უკრაინა ალიანსში.
მნიშვნელოვანია, რომ 11-12 ივლისის სამიტის დროს წევრები „გასცდნენ ბუქარესტის ფორმულირებას“, - თქვა მან. ის გულისხმობდა 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, რომელიც უკრაინას სთავაზობს ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას კონკრეტული გრაფიკის გარეშე. მაგრამ მან თქვა, რომ წევრობა არ მოხდება მანამ, სანამ ბრძოლა გრძელდება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს, როდესაც ომი მიმდინარეობს. მაგრამ უნდა გვქონდეს მკაფიო გზა [იმისთვის], თუ როგორ მივა უკრაინა იქ“, - თქვა მან ტალინში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, მნიშვნელოვანი სამიტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე.
სამიტის დროს ალიანსი, სავარაუდოდ, შეეცდება, გამონახოს გზები საიმისოდ, რომ უკრაინას უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები მიეცეს, მაგრამ თავს შეიკავებს უკრაინის სრულუფლებიანი წევრობისგან, რასაც დიდი ხანია ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ინტერვიუში კალასმა ისაუბრა ასევე საქართველოზე და თქვა, რომ, მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებას არ სჯერა ნატოს წევრობისა.