Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი: აშშ და რუსეთი პატიმრების შესაძლო გაცვლაზე მსჯელობენ


კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი. მოსკოვი, 22 დეკემბერი, 2022.
კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი. მოსკოვი, 22 დეკემბერი, 2022.

აშშ და რუსეთი განიხილავენ პატიმრების ახალ შესაძლო გაცვლას. ამის შესახებ კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

გაცვლა შეიძლება შეეხოს Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს, რომელიც მოსკოვის ციხეში იმყოფება ჯაშუშობის ბრალდებით, და რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ დუნაევს, რომელიც კიბერდანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული აშშ-ში.

ორშაბათს აშშ-მა დუნაევთან საკონსულო წვდომა დაუშვა 2021 წელს მისი დაპატიმრების შემდეგ პირველად. იმავე დღეს გერშკოვიჩს, მარტის ბოლოს დაკავების შემდეგ მეორედ, ეწვია აშშ-ის ელჩი მოსკოვში ლინ ტრეისი.

ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მიმდინარეობს პროცესი, რომელიც შეიძლება პატიმრების გაცვლით დასრულდეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ „არსებობს გარკვეული კონტაქტები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არანაირად არ გვინდა მათი გამოტანა საჯარო სიბრტყეზე. ისინი სრულ სიჩუმეში უნდა ხორციელდებოდეს და გრძელდებოდეს“, - მოჰყავს პესკოვის სიტყვები „ინტერფაქსს“.

არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ გაცვლა უახლოეს მომავალში შეიძლება მოხდეს, იმის გათვალისწინებით, რომ გასულ კვირაში რუსეთის სასამართლომ გერშკოვიჩს 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა პატიმრობა. მანამდე რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნებისმიერი გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ. სასამართლოს თარიღი ჯერ არ არის დანიშნული.

ევან გერშკოვიჩი 29 მარტს დააკავეს ეკატერინბურგში. მეორე დღეს მოსკოვის სასამართლომ იგი ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსა. ფსბ ირწმუნება, რომ ის შეერთებული შტატების დაკვეთით საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა ერთ-ერთი რუსული სამხედრო-სამრეწველო საწარმოს შესახებ. ბრალდების დეტალები არ არის ცნობილი.

გერშკოვიჩმა დანაშაული არ აღიარა. Wall Street Journal-მა კატეგორიულად უარყო ბრალდებები ჯაშუშობის შესახებ და განაცხადა, რომ გერშკოვიჩი თავის სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა. კერძოდ, მან ეკატერინბურგის მაცხოვრებლები გამოჰკითხა იმ დანაკარგების შესახებ მათ რეაქციაზე, რასაც უკრაინაში განიცდის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი რუსეთის მიერ „უმართებულოდ დაკავებულად“ აღიარა. ეს სტატუსი მძევლის სტატუსის ტოლფასია და ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, მის გასათავისუფლებლად გამოიყენოს დამატებითი მექანიზმები - კერძოდ, ამერიკის მოქალაქის გაცვლაზე აწარმოოს მოლაპარაკებები.

ჯაშუშობის ბრალდებით გერშკოვიჩს რუსეთში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვლადიმირ დუნაევი არის ჰაკერი იაკუტიიდან. 2021 წელს ის სამხრეთ კორეიდან აშშ-ში იქნა ექსტრადირებული. აშშ-ის ხელისუფლება მას ადანაშაულებს გამომძალველი პროგრამა Trickbot-ის შექმნაში, რომლითაც, სავარაუდოდ, ათობით მილიონი დოლარი იქნა მოპარული.

გასული წლის ბოლოს აბუ-დაბის აეროპორტში ამერიკელი კალათბურთელი ქალი, ბრიტნი გრინერი, რომელიც ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით იყო რუსეთში მსჯავრდადებული, გაცვალეს რუსეთის მოქალაქე ვიქტორ ბუტზე, რომელიც აშშ-ში იხდიდა სასჯელს იარაღით ვაჭრობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG