Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მშვილდაძეზე თავდასხმაში სუსის თანამშრომელი მონაწილეობდა" - რა უპასუხა "ფორმულას" უწყებამ


ბრიფინგი "ფორმულაში". მარცხნიდან მარჯვნივ: ჟურნალისტი ვახო სანაია, კომპანიის დირექტორი ზუკა გუმბარიძე და წამყვანი დავით ქაშიაშვილი
ბრიფინგი "ფორმულაში". მარცხნიდან მარჯვნივ: ჟურნალისტი ვახო სანაია, კომპანიის დირექტორი ზუკა გუმბარიძე და წამყვანი დავით ქაშიაშვილი

"ფორმულის" განცხადებით, ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გიორგი მუმლაძეა.

ამ თემაზე დღეს, 5 ივლისს, ტელევიზიაში ბრიფინგი გაიმართა. როგორც "შაბათის ფორმულის" წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა თქვა, მათ მოიპოვეს ინფორმაცია, რომ გიორგი მუმლაძე სუსის თბილისის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელია, იგი იყო ერთ-ერთი, ვინც მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

ბრიფინგის პარალელურად აჩვენეს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაღებული ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს ორი კაცი, რომლებსაც მიშა მშვილდაძე ჩაუვლის. ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა ამ კადრების კომენტირებისას თქვა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი მუმლაძეა და იგი მიჰყვება მიშა მშვილდაძეს. მისივე ინფორმაციით, მუმლაძე ბოლომდე ესწრებოდა თავდასხმის პროცესს და ყველაზე ბოლომ დატოვა შემთხვევის ადგილი, მეწყვილესთან ერთად.

კადრები "ფორმულამ" გამზირზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებიდან მოიპოვა. გამოსახულება მკაფიოა და მასზე ასახული ადამიანების იდენტიფიცირება შესაძლებელია.

დავით ქაშიაშვილმა მუმლაძეზე მცირე ბიოგრაფიული ინფორმაციაც წაიკითხა:

"ის დაბადებულია 1998 წელს, მუშაობდა შსს-ში, რამდენიმე თვეა, რაც სუსის ქალაქის სამმართველოს გამომძიებლად გადაიყვანა მისმა ნათლიამ, ლევან ახობაძემ, რომელიც 2022 წლიდან სუსის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს", - ამბობს ჟურნალისტი. მისივე თქმით, მათ წყარო იმასაც უდასტურებს, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას თავად ლევან ახობაძე კურირებდა.

ტელეკომპანიის დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, კოკა კაციტაძეს, მოუწოდა, გამოიძიოს, რატომ იყვნენ ჩართული სამართალდამცველები მიშა მშვილდაძის ცემის ორგანიზებაში.

"ეს ამბავი უკვე მისი [კოკა კაციტაძის - რ.თ.] სტრუქტურის პირდაპირი მოვალეობაა, რომ მან გამოიძიოს, რატომ იყვნენ ჩართულები სამართალდამცველები მიშა მშვილდაძის ცემის ორგანიზებაში. ცხადია, მისი იმედი არ გვაქვს, ეს სტრუქტურა იმუშავებს იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც მათ უფლებას და მოვალეობას წარმოადგენს.

ასევე გვინდა, განსაკუთრებულად მოვუწოდოთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და ელჩებს, ძალიან სამწუხარო ამბავი იქნა ჩვენ მიერ გამოკვეთილი, უზარმაზარი სისტემური დანაშაული, სადაც პირდაპირ მონაწილეობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები", - თქვა მან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ტელეკომპანია "ფორმულის" წარმომადგენლებმა "გამოძიებას უნდა მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც აქვთ და გამოძიება დაადგენს ყველაფერს". უწყებაში არ განმარტეს, არის თუ არა მათი თანამშრომელი ის კაცი, რომელიც კადრებში ჩანს.

27 ივნისს თბილისში ტელეკომპანია „ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს, დაესხნენ თავს. ამ საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი მომდევნო დღეს, 28 ივნისს, დააკავა ძალადობის მუხლით.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულია ნიკოლოზ გუგეშაშვილი, ვისი სახელითაც ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ მან სცემა მიშა მშვილდაძეს. ფეისბუკანგარიშზე, სადაც ეს „აღიარებითი ჩვენება" 28 ივნისს დაიდო, საჯაროდ მხოლოდ ეს ერთი სტატუსი იძებნება. გვერდისა და პიროვნების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

ნიკოლოზ გუგეშაშვილმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სტატუსში მონიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაწერა, რომ არ აპირებს მიმალვას და ძალადობის ფაქტის დამალვას. აქვე მან განმარტა, რომ მიშა მშვილდაძე სამიზნედ აირჩია მისი საჯარო განცხადებების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გამო.

XS
SM
MD
LG