სანქტ-პეტერბურგში რუსეთის სასცენო ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტმა (RGISI) გამოაცხადა კურსი, რომლის კურსდამთავრებულები იმუშავებენ რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლის დრამატულ თეატრში. ამის შესახებ ჟურნალისტი ილია კრასილშჩიკი იტყობინება.
მისი თქმით, საბიუჯეტო სტუდენტებს კურსის დასრულების შემდეგ მარიუპოლში სამი წელი მოუწევთ მუშაობა. კურსს სთავაზობენ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ „ახალი ტერიტორიების მოქალაქეებსაც“, - ნათქვამია კრასილშჩიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კურსზე 23-მა ადამიანმა შეიტანა განაცხადი.
კურსს გაუძღვება მსახიობი ალექსანდრ კლადკო, წარმოშობით ოდესელი, RGISI-ის კურსდამთავრებული. ის მუშაობდა პეტერბურგის, ფსკოვის, სარატოვის თეატრებში და თამაშობდა ფილმებში.
მარიუპოლი 2022 წლის მარტის დასაწყისში ალყაში მოაქციეს რუსეთის ჯარებმა და ომის დროს ქალაქი ფაქტობრივად გაანადგურეს. დაიღუპა მინიმუმ 20 ათასი ადამიანი.
ასობით ადამიანმა შეაფარა თავი თეატრის შენობას, მათ შორის ბომბსაფარს. შენობის მახლობლად ტროტუარზე, როგორც სატელიტური სურათებიდან ჩანს, იყო ორი დიდი წარწერა: „ბავშვები“. 16 მარტს დრამატული თეატრი დაიბომბა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 300-მდე ადამიანი. უკრაინის ხელისუფლება მომხდარში რუსეთის არმიას ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრი ააფეთქეს უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებიც შენობაში იმალებოდნენ. ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.
პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა 2022 წლის ივნისში სანქტ-პეტერბურგის ტელეარხზე მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქალაქი დახმარებას გასწევს მარიუპოლის დრამატული თეატრის, ფილარმონიის, ასევე სკოლებისა და საბავშვო ბაღების აღდგენაში.
დეკემბერში მარიუპოლში დრამატული თეატრის შენობა ნაწილობრივ დაანგრიეს, დემონტაჟი გაუკეთდა თეატრის უკანა და ცენტრალურ ნაწილებს. 2023 წლის მარტში რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შენობას 2024 წლის ბოლომდე აღადგენენ.