3 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მე-2 მოსმენით განხილვა კამათით დაიწყო. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა სკანონმდებლო ორგანოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას წინადადებას, რომლის თანახმად, დეპუტატები ძირითად კანონპროექტზე შეკითხვებს დასვამენ არა თითოეული მუხლის, არამედ თავის შესახებ.
ბერაიას წინადადებას საფუძვლად უდევს პარლამენტის რეგლამენტის 110-ე მუხლი. ის სხდომის თავმჯდომარეს განხილვის პროცედურაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს.
„კანონპროექტის მეორე მოსმენისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენისას მისი განხილვის ფორმის (ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით განხილვის) შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე“, - ვკითხულობთ რეგლამენტში.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოიყენა რეგლამენტის ჩანაწერი და გაიზიარა ირაკლი ბერაიას წინადადება.
დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ თქვა, რომ „თავდაცვის კოდექსის“ თითო თავში არის საკმაოდ ბევრი საკითხი, რომლებზე კითხვის დასასმელად დეპუტატებს ორი წუთი არ ეყოფათ.
ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“, წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, უცნაურია, რომ ასეთ შუამდგომლობას აყენებს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც „თავდაცვის კოდექსის“ დეტალური განხილვისთვის უნდა იყოს მოწადინებული. „ჩვენ მომსწრენი ვართ, როდესაც მუხლობრივად განგვიხილავს არაერთი ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი. „თავდაცვის კოდექსი“ იმსახურებს იმას, რომ მოხდეს მისი მუხლობრივი განხილვა“, - თქვა მან.
დეპუტატმა „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა ტყუილი უწოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას იმის შესახებ, რომ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის საჯარო განხილვა უკვე გაიმართა.
„ტყუილია, რომ რაიმე საჯარო განხილვა ყოფილა ამ კოდექსის. ჩვენ გვქონდა „ლაივი“, 14-საათიანი, ფაქტობრივ გარემოებას გეუბნებით, სადაც მხოლოდ ჩვენ ვიყავით, განვიხილავდით და მივედით 76-ე მუხლამდე, მეტი არ გაგვიგრძელებია, დანარჩენი კოდექსი განხილული საერთოდ არ ყოფილა, რომ იცოდეთ. მეორე, ქვეყანაში, რომელშიც ხელისუფლებას პრორუსული ბრალდებები გაქვთ, ვის წინააღმდეგ ვიღებთ ამ კოდექსს, ეს მაინც ხომ უნდა გავარკვიოთ. თქვენ ამ გადაწყვეტილებით, თითქოს, ადასტურებთ იმ პოზიციას, რასაც მთელი ოპოზიცია, რადიკალებს რომ ეძახით, გაბრალებთ“, - მიმართა მეგრელიშვილმა „ქართულ ოცნებას".
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს განუმარტა, რომ კოდექსის შესახებ მრავალსაათიანი მსჯელობა უკვე გაიმართა და ამიტომ საკმარისი იყო თავების მიხედვით განხილვა.
„საკომიტეტო განხილვამდე იყო საჯარო განხილვა ამ პროექტის. კომიტეტს რაც შეეხება, ექვსი საათი იყო, თუ არ ვცდები, პირველი მოსმენით განხილვა, ერთი დღე იყო სრულად. მეორე მოსმენით განხილვა - ორი დღე. 26-27 საათი იყო პირველი და მეორე მოსმენით განხილვა, რაც არის უფრო მეტი, ვიდრე სამი სამუშაო დღე“, - აღნიშნა მან.
როგორც პაპუაშვილმა თქვა, სიღრმისეული განხილვა, ზოგადად, კომიტეტის სხდომებზე მიმდინარეობს. „რაც შეეხება განხილვის ინტენსიურობას, შეგახსენებთ, რომ კომიტეტის ამოცანა არის, რომ მოამზადოს საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად და სწორედ კომიტეტში მიმდინარეობს ძირითადი მუშაობა პროექტთან დაკავშირებით“, - დაამატა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერი „გირჩის“ წევრებსაც გამოეხმაურა: „მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, გასაგებია „გირჩის“ დამოკიდებულება. ღიად ამბობენ, რომ მათი მიზანია, ხელი შეუშალონ ამ კოდექსის მიღებას და არა მხოლოდ იმ ნაწილში, რომელსაც არ ეთანხმებიან, არამედ მზად არიან სხვა ნაწილიც შესწირონ ამ იდეას და სხვა ნაწილიც არ მიიღოს პარლამენტმა“.
განხილვის დაწყების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები უკმაყოფილონი დარჩნენ კანონპროექტის მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის მიერ გაცემული პასუხებით. მათი შეფასებით, გიორგაძემ მათ შეკითხვებს გვერდი აუარა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. ამასთან, განხილვის პროცედურა მათ თითოეულ მუხლზე შეკითხვის დასმის შესაძლებლობას უზღუდავდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა მიმართა იმ დროისთვის სხდომის წამყვანს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გიორგი ვოლსკის, რომ საკითხის განხილვა გადაედო. მოგვიანებით ვოლსკიმ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
სხდომის განახლებისთანავე გიორგი ვოლსკიმ საკითხის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. „თემა არის ისეთი, რომელმაც უნდა დაგავიწყოს პოლიტიკური მხარე“, - აღნიშნა მან და „თავდაცვის კოდექსის“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გადადო. მისი თქმით, პარლამენტი მას მიუბრუნდება 4 ივლისს, 11:00 საათზე. დავით ხაჯიშვილმა ვოლსკის მადლობა გადაუხადა.
„თავდაცვის კოდექსის" პროექტის ინიციირებული ვარიანტის მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება შემდეგი ცვლილებები:
- სავალდებულო სამსახურის 12-თვიანი ვადა შემცირდება: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის იქნება 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; ხოლო უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე.
- სამხედრო სამსახურის გავლა წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით“.
- წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე.
2024 წლის 1 იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში თუ სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა ხდება. მანამდე ეს ფუნქციები ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ.
„თავდაცვის კოდექსის“ პროექტის 78-ე მუხლის ჩანაწერის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას „შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე" დაექვემდებარება, „საკუთარი სურვილით“ შეუძლია გაიაროს ან 6, 8 ან 11-თვიანი სამხედრო სამსახური, ან სამხედრო მომზადების პროგრამა, რომელიც, თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, „სწავლასთან თავსებადია“.