საქართველოს პარლამენტმა 3 ივლისს რიგგარეშე სესიის სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღო „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები. 77 ხმით მხარდაჭერილი ცვლილებებით, ჯანდაცვის სამინისტროს ეზრდება მაკონტროლებლის უფლებამოსილება.
კანონის თანახმად. ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი შეტყობინების გარეშე შეეძლება ნებისმიერ დროს შეამოწმოს და თუ საჭიროდ მიიჩნევს, დახუროს ნებისმიერი კერძო თუ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულება, რომლებიც სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება.
ცვლილებებით განისაზღვრება, რომ სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი ხდება და გასაჩივრება მას არ გააჩერებს, თუ სასამართლო არ დაადგენს სხვაგვარად.
ცვლილებების ინიციატორი ჯანდაცვის სამინისტროა. მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ცვლილებების საფუძველს განმარტავს და ამბობს, რომ კანონპროექტის მთავარი მიზანი პაციენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, კონტროლის ეფექტური მექანიზმის შექმნით კი სამედიცინო მომსახურების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდება.
კლინიკების ხელმძღვანელების თანახმად, სახელმწიფოს მონიტორინგი სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, მოქმედი კანონმდებლობით ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ყველანაირი ბერკეტი ისედაც აქვთ, აწარმოონ კლინიკების სრულყოფილი მონიტორინგი და შეამოწმონ მათი მუშაობის ხარისხი. კლინიკების ხელმძღვანელები ვერ გამორიცხავენ, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემთხვევაში გაიზარდოს ტენდენციურობის, კორუფციის, მიკერძოებულობის რისკი.