აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა "სამუშაო ვიზიტით" ჩავიდა ჩრდილოეთ კვიპროსში. არძინბამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "აფხაზეთი შეისწავლის ჩრდილოეთ კვიპროსთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს".
მინისტრმა ილაპარაკა ჩრდილოეთ კვიპროსის ეკონომიკის ზრდის ტენდენციაზე, არაღიარების და საერთაშორისო სანქციების პირობებში.
არძინბას თან ახლავს რუსეთის ფედერაციის სენატორი ალექსანდრ ნეკრასოვი, რომელმაც განაცხადა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკა ტურიზმის და პერსპექტივების კუთხით გაცილებით უფრო მიმზიდველად გამოიყურება", - წერს საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესი".
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფო მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული. ის კუნძულ კვიპროსის მესამედს იკავებს და კვიპროსის რესპუბლიკის საზღვრებში მდებარეობს. ჩრდილოეთ კვიპროსი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თურქეთის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე.