Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში უმაღლესმა წარმომადგენელმა გააუქმა სერბთა ერთეულის მიერ მიღებული დეიტონის საწინააღმდეგო კანონი


კრისტიან შმიდტი, უმაღლესი წარმომადგენელი ბოსნია-ჰერცეგოვინაში
კრისტიან შმიდტი, უმაღლესი წარმომადგენელი ბოსნია-ჰერცეგოვინაში

ბოსნია-ჰერცეგოვინაში საერთაშორისო თანამეგობრობის უმაღლესმა წარმოამდგენელმა, კრისტიან შმიდტმა 1 ივლისს გააუქმა ბოსნიის სერბთა ერთეულის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული კანონი, რომელიც, მისი ოფისის დასკვნით, იყო უკანონო, მიუღებელი და ზიანის მომტანი ბოსნიის ერთიანობისთვის.

შმიდტმა ასევე შესწორებები შეიტანა ბოსნიის სისხლის სამართლის კოდექსში, რის შემდეგაც სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილება ნებისმიერი უკანონო მოქმედება, რომელიც ძირს გამოუთხრის ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს.

1995 წლის დეიტონის ხელშეკრულებით, შმიდტს აქვს უფლებამოსილება შემოიღოს კანონები, როგორც სახელმწიფო კონსტიტუციის საბოლოო ინტერპრეტატორს - თუმცა მისი გადაწყვეტილებები შეიძლება გადაისინჯოს ბოსნიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, თუკი ამას დათანხმდება უმაღლესი წარმომადგენლის ოფისი (OHR).

დეიტონის შეთანხმებამ, რომლითაც დასრულდა 1992-95 წლების ბოსნიის ომი, დააარსა ადმინისტრაციული სისტემა, რომლის თანახმადაც ბოსნიის სახელმწიფო დაყოფილია რეპუბლიკა სრპსკასა და მუსლიმთა და ხორვატთა ფედერაციას შორის, რომლებსაც ერთმანეთთან სუსტი ცენტრალური მთავრობა აკავშირებს.

რეპუბლიკა სრპსკას ეთნიკური სერბები წლებია ეწინააღმდეგებიან ცენტრალურ ხელისუფლებას - ერთეულის ასამბლეამ 27 ივნისს გააუქმა ბოსნიის მულტიეთნიკური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების აღიარება.

1 ივნისს ასამბლეამ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა ფარგლებშიც ბოსნია-ჰერცეგოვნიაში უმაღლესი წარმომადგენლის გადაწყვეტილებები აღარ იქნება აღიარებული.

ამ ნაბიჯებს განიხილავენ სეპარატისტულ ძალისხმევად რეპუბლიკა სრპსკას ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან.

XS
SM
MD
LG