Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ზურაბიშვილი: ევროკავშირმა გაიგო, რომ რუსეთი ეთამაშება საქართველოს


პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხედავს „რეალურ შანსს“, რომ საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

„თქვენ, ამასწინათ, CNN-თან ინტერვიუში ბრძანეთ, რომ ევროკავშირისკენ გზა ახლა უფრო ახლოს არის და ამის ერთ-ერთ არგუმენტად მოიყვანეთ ის, რომ უკრაინამ მოახდინა ამ პროცესის აქსელერაცია. თვლით, რომ საქართველო რჩება უკრაინაზე მიბმულად ამ პროცესში? ევროკომისიის შუალედური შეფასება არ იძლევა ოპტიმისტურ მოლოდინს. თქვენ ახსენეთ, რომ ევროკავშირს არ აქვს ფუფუნება, რომ არ მიიღოს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება ამაზე... რა საფუძველი გაქვთ ასეთი მოლოდინისთვის“, - რადიო თავისუფლების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „შინაგანი მოლოდინისა“ და „შინაგანი რწმენის“ გარდა, აქვს ინფორმაცია, რომ - ევროკავშირში აცნობიერებენ, თუ რა შეიძლება მოიტანოს მეორე უარმა და ევროკავშირის ქვეყნებისა და სტრუქტურების ხელმძღვანელებს „ესმით სტრატეგიული ნაწილი ამ საკითხის“.

„რადგანაც გაჩნდა ახლა ეს შეგნება, რომ რუსეთი თამაშობს... რაც დაიწყო რუსეთმა ჩვენთან - ეს ფრენები, ეს ვიზა [სავიზო რეჟიმის გაუქმება] , მთელი ეს ნაბიჯები - ამან შეაგნებინა ევროკავშირს, რომ რუსეთი ეთამაშება საქართველოს. შეიძლება ჩვენმა მთავრობამ ვერ გაიგო, მაგრამ ევროკავშირმა გაიგო, რომ აქ არის Soft power [რბილი ძალა] თამაში საქართველოსთან და არა აქვთ მათ სურვილი, ყოველ შემთხვევაში, რომ მისცენ ხელში ასეთი გამარჯვება იმ დროს, როცა უკრაინა იმარჯვებს თავის ფრონტზე“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

სწორედ აქედან გამომდინარე, როგორც განმარტავს, პრეზიდენტს აქვს იმედი, რომ არსებობს კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების „რეალური შანსი“, მაგრამ საჭიროა ევროკავშირის ბოლომდე დარწმუნება, „რომ ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება“ - რასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მთავრობის გარდა, ხალხის, სამოქალაქო საზოგადოების, პრეზიდენტის, პოლიტიკური პარტიების გასაკეთებელ საქმედ თვლის.

„ეს პირობები [ევროკომისიის რეკომენდაციები] არსად არ წავა. ხომ ვიცით კარგად, რომ ეს რეკომენდაციებია თუ პირობებია, ეს რეალურად არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ გამოვიდეს საბჭოთა მენტალობიდან და საბჭოთა სტრუქტურებიდან, ერთხელ და სამუდამოდ. ეს ჩვენ გვჭირდება... კი გვეუბნებიან - ეს უნდა გააკეთოთ და რაღაც, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ჩვენთვის და თუ ამას ვერ მივხვდებით... მაგრამ "თუ"-ს არ ვუშვებ... “, - თქვა პრეზიდენტმა და ასევე აღნიშნა, რომ არ მიაჩნია „შეცდომად“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საქართველოსთვის [2022 წლის ივნისში] ნათქვამი უარი - რადგან ეს „იყო გაფრთხილება“.

სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას საქართველოს თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით.

„არის თუ არა საქართველო დღეს უფრო ძლიერი თავდაცვისუნარიანობის კუთხით, ვიდრე ის იყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე?“, - რადიო თავისუფლებამ ეს შეკითხვა დაუსვა საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს.

„ამ კითხვაზე ავირჩევ დუმილს. ერთი უფლება ხომ მაქვს, რომ არ ვუპასუხო“, - სალომე ზურაბიშვილმა დუმილის უფლება გამოიყენა.

საქართველოს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა 1 ივლისს, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის დასკვნითი პანელის დროს.

თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) წელს უკვე მეორედ ჩატარდა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით. თბილისში თავი მოიყარეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა ლიდერმა ქალებმა.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, პრეზიდენტის პირადი მოწვევით, თბილისში ჩამოსული არიან: ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლა ბეარი.

XS
SM
MD
LG