საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას პარლამენტში [30 ივნისი] „პოლარიზაციის ზეგამოვლენა“ უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 1 ივლისს, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის დასკვნით პანელში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
პრეზიდენტმა არ გაიზიარა ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენელი ჟურნალისტის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციას გააღრმავებს.
„არ მომხდარა [პოლარიზაციის გაღრმავება] ჩემთან მოვიდა 100 დემონსტრანტი. რა გაღრმავება პოლარიზაციის... ისედაც არის ეს ქვეყანა მაქსიმალურად პოლარიზებული და თუ მოვისმენთ პრემიერის გუშინდელი გამოსვლას პარლამენტში [ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა], ეს არის პოლარიზაციის ზეგამოვლენა... შეიძლება, რომ ამ სიტყვებით გამოვიდეს პრემიერი პარლამენტში და ასე მიმართოს თავის ხალხს, დეპუტატებს, პარლამენტის წევრებს?!“, - სალომე ზურაბიშვილის განმარტებით პოლარიზაციის შემცირებას თავშეკავება და რიტორიკის შეცვლა სჭირდება.
პრეზიდენტი ასევე არ იზიარებს ხელისუფლების მხარდამჭერთა ბრალდებებს, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლებით მან საკუთარი ამომრჩევლები "დააღალატა" და „ხალხის დაკვეთა“ არ შეასრულა.
„არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული. ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა და ახლა დღევანდელმა მთავრობამ“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. მისი განმარტებით, „არჩევნების არსით“ - დღიდან არჩევისა, პრეზიდენტი მხოლოდ იმ ადამიანის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული, რომლებმაც მას არჩევნებზე დაუჭირეს მხარი და არ არის მათი „საკუთრება“.
„ყველა გადაწყვეტილება შეწყალებაზე არის ძალიან რთული, ძალიან მტკივნეული და არ არის საჭირო, რომ ვიღაცეებმა ყოველდღე გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე. კარგად მახსოვს. შევიწყალე ამ მეხსიერებითაც. მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩემზე ვინ რა თქვა“, - საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ, მისი რწმენით, ნიკა გვარამიას შეწყალება „ქვეყნის ინტერესებშია“.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა 22 ივნისს შეიწყალა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება განპირობებული იყო უზენაესი სასამართლოს მიერ გვარამიას საქმეზე 19 ივნისს ნათქვამი უარით.
თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) წელს უკვე მეორედ ჩატარდა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით. თბილისში თავი მოიყარეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა ლიდერმა ქალებმა.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, პრეზიდენტის პირადი მოწვევით, თბილისში ჩამოსული არიან: ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლა ბეარი.
მედიასთან შეხვედრისას, სალომე ზურაბიშვილმა პოლარიზაციის გამოხატულებად შეაფასა ის ფაქტი, რომ კონფერენციაზე არ მივიდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები.