Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთი გახდა ნატოს 21-ე ქვეყანა, რომელმაც უკრაინასთან ალიანსის შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი (მარცხნივ), კიევი, 2023 წლის 1 ივლისი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი (მარცხნივ), კიევი, 2023 წლის 1 ივლისი

ესპანეთი გახდა ნატოს 21-ე წევრი ქვეყანა, რომელმაც უკრაინასთან ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე. ამის შესახებ კიევში გამოაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ.

დეკლარაციაში პირდაპირ ნათქვამი არ არის, როდის უნდა მიიღოს უკრაინამ მიწვევა ნატოში. კიევი კვლავ აცხადებს, რომ ვილნიუსში დაგეგმილ სამიტზე უკრაინამ უნდა მიიღოს ალიანსში გაწევრიანების მკაფიო გარანტია, რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ.

სანჩესი უკრაინას ესტუმრა პირველივე დღეს, როცა ესპანეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებასაც ესწრაფვის. "მინდოდა, ევროკავშირის საბჭოში ესპანეთის თავმჯდომარეობის პირველი მოვლენა ყოფილიყო უკრაინაში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. უკრაინის ხელისუფლებას და პარლამენტს მთელი ევროპის სოლიდარობას გადავცემ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, სანამ ევროპაში მშვიდობა აღდგება" - წერს სანჩესი ტვიტერით.

უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც 55 მილიონი ევროს ღირებულებისაა. მან ასევე ისაუბრა კიევისთვის იარაღის სამომავლო მიწოდებაზე, "ლეოპარდის" ტიპის ოთხი ტანკის ჩათვლით.

ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ბოლო საბრძოლო-პოლიტიკურ მოვლენებზე. მან თქვა, რომ ჯერაც არაა შემუშავებული გრაფიკი უკრაინელი პილოტებისთვის, რომლებმაც უნდა ისწავლონ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენება, და გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ, მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები წვრთნებს აჭიანურებენ.

პრეზიდენტმა შემაშფოთებელი უწოდა ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე შექმნილ მდგომარეობას, სადაც, უკრაინის სპეცსამსახურების შეფასებით, რუსეთი, შესაძლოა, ბირთვულ პროვოკაციას ამზადებდეს. მანამდე, ესპანელ ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ სადგურზე კონტროლის უკრაინის ხელში გადასვლის შემთხვევაში რუსი სამხედროები, შესაძლოა, მის დისტანციურ დაზიანებას შეეცადონ.

ზელენსკიმ ისაუბრა მედიაში, მათ შორის Washington Post-ში გამოქვეყნებულ ცნობებზეც - რომ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას შეძლებს მას შემდეგ, რაც მისი არმია ყირიმთან მივა. ზელენსკის თქმით, კიევის პოზიცია უცვლელია და მოლაპარაკების დაწყებამდე უკრაინამ 1991 წლის საზღვრები უნდა აღიდგინოს - რაც ნიშნავს, რომ თავის კონტროლს უნდა დაუქვემდებაროს ანექსირებული ყირიმიც.

XS
SM
MD
LG