აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სოხუმში ეპატიჟება - ე.წ. „დამოუკიდებლობის საერთაშორისო დონეზე აღიარების მე-15 წლისთავისა“ და „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების 30-ე წლისთავის“ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
თანახმაა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, აფხაზური წყაროები ამის შესახებ არ იუწყებიან. ამ საკითხზე არაფერია ნათქვამი რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში, სადაც ხაზგასმულია, რომ სატელეფონო საუბარი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
„ასლან ბჟანიამ სრული მხარდაჭერა გამოხატა რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებების მიმართ - კანონიერებისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის, მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის“, - იუწყება კრემლი.
აფხაზეთის ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვლადიმირ პუტინსა და ასლან ბჟანიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის მთავარ თემებს ვაჭრობა, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენდა.
აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის პრეზიდენტს, 23-24 ივნისს, როცა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაური, ევგენი პრიგოჟინი, თავის მებრძოლებთან ერთად, მუქარით, მოსკოვისკენ მიიწევდა. ეს მოვლენები რუსეთში სამხედრო ამბოხებად შეფასდა.
ბჟანიამ მაშინ მოუწოდა უკრაინაში მებრძოლ აფხაზებს, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციას.
- 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი [აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი] უკანონოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. რუსეთის გარდა, მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული აქვთ მხოლოდ - ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუსა და სირიას.