Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხისა“ და „ფორმულის“ ჟურნალისტებს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

„მთავარი არხისა“ და ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტებს კასპში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „მთავარი არხის“ კორესპონდენტს, გიორგი ახალკაცს, მიკროფონი დაუზიანეს და პირდაპირი ჩართვის დროს ლანძღავდნენ. აგრესიას გამოხატავდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ „ფორმულის“ ჟურნალისტს, ლადო ბიჭაშვილსაც. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან თქვა, რომ ადგილზე, კასპის საკრებულოში, მობილიზებული იყვნენ „ქართული ოცნების" წევრები და სხვადასხვა ა(ა)იპ-ში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" შეკრების ჩასაშლელად გორიდან და ქარელიდან ჩაიყვანეს.

გიორგი ახალკაცი და ლადო ბიჭაშვილი მიიჩნევენ, რომ მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მათი თქმით, ადგილზე მისული პოლიცია უმოქმედოდ იდგა. კასპში ჩასულმა ჟურნალისტებმა პრეტენზიით მიმართეს შიდა ქართლის პოლიციის უფროსს, ვალერიან თელიას, რომელმაც განაცხადა, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, კასპში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას კაცების საპენსიო ასაკის დაწევის შესახებ პარტიის ინიციატივას აცნობდნენ, პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, დაუზიანეს პირადი ავტომობილი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შინაგან საქმეთა მინისტრს კასპში მომხდარ ინციდენტზე რეაგირება მოსთხოვეს და განაცხადეს, რომ ახლა შემთხვევის ადგილზე მიდიან და არ მოუსმენენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა და მალე დეპუტატების შეკითხვებისთვის უნდა ეპასუხა. კასპში მომხდარს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „სამოქალაქო აქტივიზმი“ უწოდა. „შეეგუონ ამ სამოქალაქო აქტივიზმს, რა არის პრობლემა?!" - თქვა მან.

XS
SM
MD
LG