ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიიღეს საგანგებო განცხადება, რომელიც შეეხება ჩინეთთან სამომავლო ურთიერთობებს. დოკუმენტის თანახმად, პეკინი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და მეტოქე, მაგრამ ევროკავშირი და ჩინეთი ერთმანეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორები არიან.
ევროკავშირი თვლის, რომ მას, მთლიანობაში, სურს შეამციროს ჩინეთზე თავისი დამოკიდებულება მომარაგების ჯაჭვში.
იქვე პეკინს მოუწოდებენ, მეტი გააკეთოს კლიმატის დაცვის საქმეში და უფრო მეტი ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე, რათა დასრულდეს უკრაინაში ომი. სამიტმა გამოხატა თავისი შეშფოთება ჩინეთსა და ტაივანს შორის დაძაბულობის გამო.
სამიტის ბოლო დღეს ევროკავშირის წევრებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ევროკავშირის საემიგრაციო პოლიტიკაში. ლუქსემბურგი მიიჩნევს, რომ მიუღებელია უკვე გადაწყვეტილის კვლავ გაუქმება. უნგრეთმა და პოლონეთმა ივნისის დასაწყისში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული კომპრომისის კვლავ განხილვა მოითხოვეს წინა დღეს. ორივე ქვეყანამ პროტესტი გამოთქვა, რომ კენჭისყრის დროს მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპი მოქმედებდა და არა ერთსულოვნების.