Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამარცხვინოა“ - ხათუნა სამნიძე 13 წლის მოზარდის საქმეზე გენდერული საბჭოს განცხადებას აკრიტიკებს


ხათუნა სამნიძე
ხათუნა სამნიძე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე „სამარცხვინოს“ უწოდებს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადებას ზუგდიდში 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულზე და ამბობს, რომ იგი გენდერული საბჭოს სახელით გავრცელებული ვერ იქნება, რადგან მის შედგენაში საბჭოს ოპოზიციონერ წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ - მათ განცხადების ტექსტი არც კი გააცნეს. განცხადება საბჭომ დღეს, 30 ივნისს, გამოაქვეყნა.

„ეს არის “ოცნების” სახელით და აზროვნებით შედგენილი ტექსტი. მე ვარ საბჭოს წევრი, ასევე თეონა აქუბარდია, მაგრამ არც ერთ ოპოზიციონერ წევრთან ეს ტექსტი არ განხილულა, არც შეთანხმებულა!“ - წერს ხათუნა სამნიძე.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო განცხადებაში აღნიშნავს, რომ საზარელია ზუგდიდში 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაული, რომელზეც 50 წლამდე კაცი დააკავეს, მაგრამ:

„კიდევ უფრო დამამძიმებელია ის ფაქტი, რომ ბავშვი ფეხმძიმედაა, ხოლო მშობელმა ეს ამბავი არა თუ სამართალდამცავებს შეატყობინა, არამედ, აბორტის გასაკეთებლად ქუთაისში წაიყვანა“.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ მშობლებს, პედაგოგებს, ექიმებსა და უბრალოდ ირგვლივ მყოფებს, ვისაც აქვს ინფორმაცია ბავშვების მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების შესახებ, არ დამალონ ეს და სამართალდამცავ სტრუქტურებს შეატყობინონ, „რათა თავიდან ავიცილოთ დამდგარი საზარელი და შემაშფოთებელი შედეგები“.

საბჭო ასევე მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, დამნაშავე უმკაცრესად დასაჯოს.

30 ივნისს გავრცელდა ამბავი, რომ ზუგდიდში 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით სამართალდამცავებმა 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დედამ არასრულწლოვანი გოგონა მუცლის არეში ტკივილის გამო წაიყვანა საავადმყოფოში, სადაც აღმოჩნდა, რომ ის რამდენიმე თვის ორსული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG