Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს


ფოტო არქივიდან: ცხინვალის შესასვლელი
ფოტო არქივიდან: ცხინვალის შესასვლელი

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, რუსთავში მცხოვრები 1998 წელს დაბადებული ლაშა ბახტურიძე, რომელმაც ე.წ. საზღვარი 21 ივნისს დაარღვია, რეგიონიდან გააძევეს.

დე ფაქტო "კგბ-ს" ცნობით, აღნიშნულმა პირმა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, განზრახ დაარღვია „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი“, ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისთან.

„29 ივნისს ბახტურიძე ლევანი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ მე-14 მუხლის შესაბამისად, გააძევეს რესპუბლიკიდან“, - აღნიშნულია "კგბ-ს" მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ათი დღის წინ დე ფაქტო "კგბ-მ" მაისში დაკავებულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, გასულ თვეში ე.წ. საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 49 „დამრღვევი" დააკავეს.

„მათგან ათმა დაარღვია სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი, ხოლო 39-მა - სასაზღვრო ზონის რეჟიმი“, - იუწყება დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახური.

„დამრღვევები დაექვემდებარნენ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ზოგიერთი მათგანის მიმართ ახსნა-განმარტებითი სამუშაო ჩატარდა. 18 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, სამი პირი დაექვემდებარა ადმინისტრაციულ გაძევებას, 21 პირი გააფრთხილეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 2 პირის მიმართ. გადაწყვეტილება ხუთ მოქალაქეზე არ არის მიღებული“, - აცხადებენ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურში.

როგორც წესი, გაძევებულ მოქალაქეებში დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს გულისხმობს. ასეთი კი მაისის თვეში სამი პირი იყო. ამ სტატისტიკის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მავთულხლართების და სხვა ბარიერების მიუხედავად, გადმოსვლის მსურველი ბევრად მეტი იყო, მაგრამ ისინი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.

XS
SM
MD
LG