Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ კობახიძემ უნდა დააზუსტოს, ვისზე საუბრობს


აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

ბოლოდროინდელი ძალადობის ფაქტების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. მისი განცხადებით, ძალადობა მიუღებელია და საჭიროა გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარება. ამასთან, დიპლომატი გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ეს ასევე გავიგონეთ, მერმა კალაძემ და ზოგიერთმა სხვამ აღნიშნეს, რომ ძალადობა მიუღებელია და თუკი პარტიის თავმჯდომარე [„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე] ასეთი ბრალდებების გაკეთებას აპირებს, მაშინ, ვფიქრობ, როგორც მინიმუმ, უნდა აღნიშნოს მაინც, ვისზე საუბრობს. თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და უფრო მეტად შეთქმულების თეორიებია, რომელთა შემოგდებაც საზოგადოების დასაბნევად ხდება. აქ რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ეს ძალადობა ჰგავს ტრენდს, რომელიც იწყება და ვფიქრობ, ეს ძალიან საშიში და უსიამოვნოა ქართველებისთვის, რომლებმაც გამოცადეს წარსულში ასეთი კოორდინირებული ძალადობა. და ვფიქრობ, რომ ძალიან ხელშემწყობი იქნება, თუ ქართველი ლიდერები ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ცხოვრების ყველა გზიდან ძალიან ნათელს გახდიან, რომ ძალადობა მიუღებელია და ეს თავდასხმები ნათლად დაგმონ. ასევე მნიშვნელოვანია, იმ ხალხის დაპატიმრებასთან ერთად, რომლებიც სოციალურ ქსელებში აღიარებენ, რომ ძალადობა ჩაიდინეს, იყოს გამჭვირვალე გამოძიება და სამართლებრივი დევნა. შედეგები უნდა არსებობდეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ასეთი ფორმის ძალადობა მიუღებელია საზოგადოებაში”, - განაცხადა კელი დეგნანმა.

27 ივნისს თბილისში თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს მიშა მშვილდაძეს.

თავდასხმის ფაქტზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ გაიხსენა, რომ „გავლენიანმა ელჩმა“ ძალადობა წაახალისა.

„მიშა მშვილდაძე თვითონ მსხვერპლია, რადგან მას შთააგონეს, რომ დედის გინება სამოქალაქო აქტივიზმია და დედას იგინებოდა, სადაც ჰქონდა ამის საშუალება. მერე გამოვიდა ვიღაც სხვა, რომელმაც ასევე ასე წარმოიდგინა ეს ყველაფერი. მაგალითად, ერთ-ერთი ელჩის ბოლოდროინდელი მოწოდება გინებასთან, ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, აღიქვა ასე - თუ იძალადებდა მიშა მშვილდაძეზე, იქნებოდა სამოქალაქო აქტივიზმი, თუ შეაგინებს ვიღაც მიშა მშვილდაძეს, ადამიანმა წარმოიდგინა, რომ ეს სამოქალაქო აქტივიზმია. და ეს ვინ დანერგა? კონკრეტული ელჩი იყო, ვინც ამაზე საუბრობდა, რაც სირცხვილია. ელჩის განცხადებას ძალიან დიდი გავლენა აქვს. როცა გამოდის გავლენიანი ელჩი და ამბობს, დედის გინება, ბილწსიტყვაობა სამოქალაქო აქტივიზმია, გამოხატვის თავისუფლებაა, ეს, რა თქმა უნდა, ძალადობის წახალისებაა. ძალიან ცუდია, ჟურნალისტი რომ ხარ და ეს არ გახსოვს. მე მახსოვს, კონკრეტული ფაქტი იყო, როცა კონკრეტულმა გავლენიანმა ელჩმა წაახალისა ძალადობა“, - თქვა კობახიძემ.

XS
SM
MD
LG