Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა


აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის სახელით იბრძოლებს, ხუთშაბათს კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ მან თავის Twitter-ზე დაწერა, შესაბამისი ინფორმაცია კი NBC News-მა გამოაქვეყნა.

ამერიკული ტელეარხის ინფორმაციით, პენსმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი აზრით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში წამყვანი როლი უნდა შეასრულოს.

CNN-ის ცნობით, ვიზიტის დროს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ასევე ეწვია ბუჩას და ირპენს, რომლებიც გასული წლის თებერვალ-მარტში რუსული ოკუპაციის გამო ძალიან დაზარალდნენ.

"აქ მოვედი ისე, როგორც კერძო პირი, რათა საკუთარი თვალით ვნახო უკრაინელი ჯარისკაცების გმირობა, ვნახო ხალხის გმირობა აქ ირპენში, ვნახო ოჯახები, რომელთა სახლები, ფაქტობრივად, დაბომბეს არაკეთილსინდისიერი და არაპროვოცირებული რუსული შემოჭრის დროს. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩემს შემართებას, განვაგრძო ჩვენი უკრაინელი მეგობრებისა და მოკავშირეებისათვის აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერისკენ მოწოდება", - განუცხადა პენსმა NBC News-ს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაიკ პენსი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხუთშაბათს უკრაინაში ვიზიტის დროს შეხვდა. პრეზიდენტის აპარატს ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ივნისში აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მონაწილეობას იღებს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. ის რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის იბრძოლებს.

63 წლის პენსი მე-11 რესპუბლიკელია, რომელმაც რბოლაში მონაწილეობის შესახებ გამოაცხადა. მის გარდა, ნომინაციისთვის იბრძოლებენ 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის გუნდშიც იყო პენსი ვიცე-პრეზიდენტად არჩეული, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი და ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრის კრისტი.

XS
SM
MD
LG