Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩის რანგში კელი დეგნანმა საქართველოში ბოლოჯერ უმასპინძლა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას. მას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კელი დეგნანმა ილაპარაკა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე. მან გამოყო ის ფაქტორები, რომლებიც დემოკრატიას ასუსტებენ.

„ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატია არ უნდა ჩავთვალოთ თავისთავად მოცემულობად. როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „თავისუფლების შენარჩუნება ყველა თაობის საზრუნავი უნდა იყოს. მას პირდაპირ ვერ გადასცემ შვილებს. თავისუფლებას ბრძოლა და დაცვა სჭირდება და ყოველი თაობა ასე უნდა მოიქცეს“. ამერიკელებმა და ქართველებმა ეს იციან, იმიტომ რომ ამ ორივე ერმა იბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებების დასაცავად, ისევე როგორც დღეს მამაცად იბრძვიან უკრაინელები აგრესიული, იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია, რომელიც დასაბამითვე ცდილობს დემოკრატიების შესუსტებასა და დამხობას თავისი იმპერიალისტური ამბიციების გამო.

ისტორია ასევე ცხადყოფს, რომ დემოკრატია თანდათანობით სუსტდება სამოქალაქო თავისუფლებების გამოფიტვის, კანონის უზენაესობის შელახვისა და პოლიტიკური და მედია პლურალიზმის გაქრობით. ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატიული ღირებულებების უარყოფას ავტოკრატიული ძალების სასარგებლოდ არ მოაქვს გრძელვადიანი სტაბილურობა - მას მოაქვს ჩაგვრა, არასტაბილურობა და უსამართლობა", - განაცხადა კელი დეგნანმა.

დიპლომატმა სიტყვით გამოსვლის მეორე ნაწილი საქართველოს დაუთმო. მისი თქმით, „საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემის განვითარების ხანგრძლივი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს: იქნებოდა ეს კანონის უზენაესობის მეშვეობით უძველეს დართლოს სასამართლოში თუ თანასწორობით, რასაც ადასტურებს 1918 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული ქალთა და უმცირესობათა უფლებები ან კიდევ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე ხაზგასმა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, ჭავჭავაძის, წერეთლის, ფშაველას, ცისფერყანწელების, ჯავახიშვილისა და ბარათაშვილის ნაწერებში. საუკუნეების მანძილზე ქართველი ლიდერები იცავდნენ ქართულ ენას, რელიგიას და კულტურას, მათ შორის დემოკრატიულ ღირებულებებს. როგორც ნოე ჟორდანიამ 1921 წელს თქვა, „რა უნდა შევთავაზოთ ევროპული ერების კულტურულ საგანძურს? საქართველოს 2000-წლიანი ეროვნული კულტურა, დემოკრატიული სისტემა და ბუნებრივი სიმდიდრე".

აშშ-ს ელჩმა აქცენტი გააკეთა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მოქმედებებზე. „მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის. გაიხსენეთ დეპორტაციები და იძულებითი შრომა. დღეს კი ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის გასანადგურებლად. გაიხსენეთ მჩაგვრელი ავტოკრატია რუსეთში. ქართველი ხალხი, ვისთანაც შეხვედრის პატივი მქონია, არ იზიარებენ ასეთ ღირებულებებს. მათ არ სურთ რუსული სტილის ავტოკრატიაში ცხოვრება. და ამას ცხადყოფს ისტორია ქართველი ხალხის მიერ გამოხატული მრავალი პროტესტით კულტურული იდენტობის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია. ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ ავტოკრატიასა და ჩაგვრას და მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიული ცხოვრების წესი. საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი სულისკვეთება და თავისუფლების სიყვარული ჩვენი მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის საძირკველია. სწორედ ამიტომ დგანან ერთად ქართველები და ამერიკელები უკვე 30 წელია, როგორც მტკიცე პარტნიორები, ერთგულნი საქართველოს წარმატებისა, როგორც აყვავებული, უსაფრთხო და ევროპული დემოკრატიის ქვეყნისა", - აღნიშნა დეგნანმა.

დიპლომატმა გამოსვლის დასასრულს აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ ილაპარაკა: „ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: სიბნელე, რომელიც ამოძრავებს ავტოკრატიას, ვერ შეედრება თავისუფლების ბრწყინვალებას, რომელიც ყველა თავისუფალი ადამიანის სულს ანათებს.

ვზეიმობთ რა ამერიკის 247-ე დამოუკიდებლობის დღეს, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ერთიანნი ვართ - ამერიკელები და ქართველები - მშვიდობისა და თავისუფლების სახელით.

ჩემო სტუმრებო, ჩემო მეგობრებო! ამერიკელი ხალხი მუდამ მზად არის ქართველთა თანადგომისთვის! როგორც სულხან-საბა ამბობდა, „ძალა ერთობაშია“.

კელი დეგნანს საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგენი შეცვლის. ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სენატის წინაშე 13 თებერვალს წარადგინა.

XS
SM
MD
LG