Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ჟურნალისტს შორის, რომლებსაც CPJ-ის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცემათ, ნიკა გვარამიაცაა


ჟურნალისტები, რომლებსაც პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცემათ
ჟურნალისტები, რომლებსაც პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცემათ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო ოთხ ჟურნალისტს მიანიჭა მთელი მსოფლიოდან. მათ შორისაა ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია.

CPJ-ის ვებგვერდზე გვარამიას შესახებ გამოქვეყნებულ მოკლე ბიოგრაფიულ ტექსტში ნათქვამია:

"ნიკა გვარამია არის 2019 წელს დაარსებული დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, "მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი. გვარამიას, რომელიც ჟურნალისტიკაში 2012 წლიდან მუშაობს, მანამდე სამთავრობო თანამდებობა ეკავა და ოპოზიციის ლიდერისა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იურიდიულ გუნდში მუშაობდა.

როგორც ტელეწამყვანი, გვარამია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ მწვავე კრიტიკით იყო ცნობილი. ის გადაცემაში ხშირად ამხელდა ხელისუფლების სავარაუდო კორუფციას და ძალადობას, აშუქებდა საქართველოს ხელისუფლების რუსეთის მიმართ მიკერძოებას. 2023 წლის ივნისში, პრეზიდენტის შეწყალებამდე, მან ერთ წელზე მეტი გაატარა ციხეში. მას 3,5 წელზე მეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის მიუსაჯეს. გვარამია ბრალს არ აღიარებდა. მისი საქმე ფართოდ გააკრიტიკეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. გვარამია ერთადერთი ჟურნალისტია საქართველოში, რომელსაც პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც CPJ-მ 1992 წელს დაიწყო დაპატიმრებული ჟურნალისტების აღრიცხვა".

ჯილდო ასევე გადაეცემათ ინდოელ ჟურნალისტს შაჰინა კ.კ.-ს, რომელიც ჟურნალ Outlook-ის უფროსი რედაქტორია, მარია ტერეზა მონტანოს მექსიკიდან, რომელიც გამომძიებელი რეპორტიორი, The Observer-ის დამფუძნებელი და რედაქტორია, ასევე - ფერდინანტ აიიტეს. იგი ხელმძღვანელობს ტოგოს ერთ-ერთ მთავარ საგამოძიებო მედიასაშუალებას, L'Alternative-ს.

კომიტეტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ პრესის თავისუფლების ყოველწლიური საერთაშორისო დაჯილდოება 2023 წლის 16 ნოემბერს ნიუ-იორკში გაიმართება.

XS
SM
MD
LG