ტელეკომპანია „იმედი" ვებსაიტზე აქვეყნებს განმარტებას, ფეისბუკზე თავის ოფიციალურ გვერდთან დაკავშირებულ პრობლემაზე. 28 ივნისს, 17:00 საათიდან ფეისბუკზე „იმედის" გვერდი საჯაროდ მიუწვდომელია. როგორც ტელეარხი აღნიშნავს, ოფიციალური წერილით მიმართეს კომპანია „მეტას", თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
„დღეს, 28 ივნისის საღამოს ხუთი საათიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე საჯაროდ წვდომა შეზღუდულია. გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი „ადმინებისათვის”. საყურადღებოა, რომ არანაირი გაფრთხილება აღნიშნულის შესახებ გვერდს არ მიუღია.
„იმედმა“ ოფიციალური წერილით მიმართა ტექნოლოგიურ კომპანია „მეტას“, თუმცა, კომპანიის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი “იმედის” ოფიციალური გვერდი. ჩვენ განგვიმარტეს, რომ “ტელეიმედის” მოთხოვნა გადაცემულია სპეციალური ჯგუფისთვის, რომელიც კომპანიაში მსგავს საკითხებს სწავლობს და ვარაუდობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში მოხერხდება", - ვკითხულობთ „იმედის" განცხადებაში.
განახლება
დაახლოებით 5-საათიანი გათიშვის შემდეგ „იმედის" „ფეისბუკის" გვერდმა მუშაობა განაახლა. „ჩვენ დავბრუნდით!" - ასე გამოეხმაურა ტელეარხი ფეისბუკის გვერდზე საჯარო წვდომის აღდგენას.