Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

SBU: დაკავებულია აგენტი, რომელიც კრამატორსკზე დარტყმის კორექტირებას ახდენდა


კრამატორსკი რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ. 27 ივნისი, 2023.
კრამატორსკი რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ. 27 ივნისი, 2023.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) იტყობინება, რომ დაკავებულია რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, რომელმაც კრამატორსკის ცენტრში მდებარე კაფეზე სარაკეტო დარტყმის კორექტირება მოახდინა. იერიშისას დაიღუპა ათი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაშავებულია 61 ადამიანი.

დაკავებული, რომლის ჩვენებების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა SBU-მ, ადგილობრივი გაზის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელია. მისი თქმით, 27 ივნისს მიიღო დავალება, გაერკვია, მუშაობს თუ არა კაფე და დაეფიქსირებინა, არის თუ არა შიგ ხალხი. დაკავებულის თქმით, ფარულად გადაიღო ვიდეო დაწესებულებაში და ავტოსადგომზე, რის შემდეგაც ის რუსეთის სამხედრო დაზვერვას გაუგზავნა.

უკრაინულმა მედიამ და ტელეგრამის არხებმა შენიშნეს, რომ რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტისა და სამხედრო ინსტრუქტორის თქმით, ისინი ხშირად სადილობდნენ კაფეში, რომელზეც განხორციელდა დარტყმა.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დააზუსტა, რომ კრამატორსკზე იერიში განხორციელდა ორი რაკეტა „ისკანდერით“. ჟურნალისტების ცნობით, რაკეტა მოხვდა სასტუმრო „კრამატორსკის“ გვერდით მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობას. სავაჭრო ცენტრში კაფე მდებარეობს.

დაჭრილებს შორის არის ერთი ბავშვი და კოლუმბიის სამი მოქალაქე. აფეთქებამ დააზიანა მიმდებარე სახლები, სავაჭრო ობიექტები, ფოსტის განყოფილება და მანქანები. შემთხვევის ადგილზე გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

XS
SM
MD
LG