Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის ინიციატივა ითვალისწინებს უკრაინაში ინგლისური ენის სტატუსის დაწესებას


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 25 ივნისი, 2023.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 25 ივნისი, 2023.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში ინგლისურის, როგორც საერთაშორისო კომუნიკაციის ერთ-ერთი ენის, სტატუსს უზრუნველყოფს.

დოკუმენტის თანახმად, ოფიციალური პირები, სამხედრო ოფიცრები, პოლიციელები, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების თანამშრომლები, ეკონომიკის საჯარო სექტორის სუბიექტები - ვალდებული არიან, ინგლისურს ფლობდნენ. თანამდებობების ჩამონათვალს დაამტკიცებს უკრაინის მინისტრთა კაბინეტი. სახელმწიფო უწყებებს მოუწევთ საერთაშორისო დოკუმენტების ინგლისურ ენაზე მიღება თარგმანის გარეშე, თუ კანონი სხვა რამეს არ ითხოვს.

ასევე ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო იქნება საბავშვო ბაღებში, საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ექიმებს უნდა შეეძლოთ გამოძახების მიღება და სასწრაფო დახმარების გაწევა ინგლისურ ენაზე „ან თანამოსაუბრეებისთვის მისაღებ სხვა ენაზე“.

გარდა ამისა, ინგლისურ ენაზე იქნება დუბლირებული ხელისუფლების ვებსაიტები, ასევე ინფორმაცია ტრანსპორტში და კულტურის დაწესებულებებში. უცხოური ინგლისურენოვანი ფილმები ორიგინალში იქნება ნაჩვენები უკრაინული სუბტიტრებით.

კანონპროექტი მიზნად ისახავს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების გააქტიურებას, მსოფლიოში უკრაინის იმიჯის გაძლიერებას, მისი კონკურენტუნარიანობის, საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობის გაზრდას, ნათქვამია დოკუმენტში.

XS
SM
MD
LG