Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები

საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ნიდერლანდთან ნათამაშები ფრით დაასრულა, ჯგუფური ეტაპიდან პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპირველობის A ჯგუფში სამი უძლიერესი საფეხბურთო ქვეყნის ნაკრებებს აჯობა - ჯერ პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა, ანგარიშით 2:0, შემდეგ კი ბელგიასთან (2:2) და ნიდერლანდთან (1:1) თითო ქულა აიღო და ხუთი ქულა დააგროვა. მეოთხედფინალის მეორე საგზური მოიპოვა პორტუგალიამ, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში ბელგიას მოუგო - 2:1.

საქართველოსა და ნიდერლანდის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 43 004 ადამიანი დაესწრო, რაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების ისტორიაში ახალი რეკორდია. წინა რეკორდიც თბილისში დამყარდა სამიოდ დღის წინ, საქართველოსა და ბელგიის მატჩისას. მანამდე კი ესპანეთში 1996 წელს გამართული ფინალი (35500 მაყურებელი) იყო საუკეთესო შედეგი.

ქართველი ფეხბურთელები 2 ივლისს მეოთხედფინალს ისევ „დინამო არენაზე“ გამართავენ C ჯგუფის მეორეადგილოსან ნაკრებთან. ამ ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გაინაღდა ინგლისმა, მეორე პოზიციის შანსს კი ჩეხეთი, გერმანია და ისრაელი ინარჩუნებენ.

ევროპის 2023 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატში სულ თექვსმეტი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრებები იღებს მონაწილეობას. ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს და ტიტულისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს. ჯგუფური ეტაპის, მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის თამაშებს საქართველოსა და რუმინეთის ქალაქები უმასპინძლებენ. ფინალი კი საქართველოში, ბათუმის სტადიონზე, შედგება 8 ივლისს.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის სამი უძლიერესი ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მოიპოვებს.

XS
SM
MD
LG