Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის თქმით, ყველა საფუძველი არსებობს, რომ უკრაინამ მიიღოს პოლიტიკური მიწვევა NATO-ში გაწევრიანებაზე


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს ვილნიუსის სამიტის მოახლოების კონტექსტში ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს:

„ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ მიიღოს პოლიტიკური მიწვევა ალიანსში გაწევრიანებაზე. არსებობს გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების სრული გაგება. ვმუშაობ გუნდთან ერთად, რომ ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი იყოს“.

რამდენიმე დღის წინ „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამართულ დისკუსიაზე, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი და NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მონაწილეობდნენ, რადიო თავისუფლების მიერ დასმულ შეკითხვას: რატომ ყოყმანობენ NATO-ს წევრები უკრაინის NATO-ს წევრობისკენ გზაზე - ეშინიათ რუსეთთან ომში ჩართვის თუ სხვა რამის, მაგალითად, ბირთვული ესკალაციის? - ანდერს ფოგ რასმუსენმა ასე უპასუხა:

„დიახ, ზოგჯერ მეც ზუსტად ამ შეკითხვას ვსვამ, ვინაიდან, ვფიქრობ, უნდა ვისწავლოთ გაკვეთილები წარსულიდან. საბოლოო უსაფრთხოების გარანტია უკრაინისთვის იქნება NATO-ს წევრობა. მოდით, ამას თვალი გავუსწოროთ. ვიდრე უკრაინა შეძლებს ნატოში გაწევრიანებას, უკრაინას დასჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და ამიტომაც არსებობს მკაფიო კავშირი უსაფრთხოების გარანტიებსა და ნატოში სამომავლო წევრობას შორის.

შეიძლება იყვნენ მოკავშირეები, რომლებსაც აშფოთებთ ფაქტი, რომ ქვეყანას, რომელიც ახლა ომშია, ექნება სირთულეები მეხუთე მუხლის შესრულების განსაზღვრაში. თუმცა, ვთვლი, როცა არსებობს ნება, არსებობს წინსვლის გზაც.

ჩვენ გვაქვს მსგავსი პრობლემების გადაჭრის პრეცედენტები წარსულში: გერმანია ნატოს წევრი გახდა 1955 წელს - მთელი გერმანია, მაგრამ, როგორც ყველას მოგეხსენებათ, იმ დროისთვის გერმანია გაყოფილი იყო დასავლეთ გერმანიად და აღმოსავლეთ გერმანიად. როცა დასავლეთ გერმანია შეუერთდა ნატოს, მკაფიოდ გამოცხადდა, რომ მეხუთე მუხლი ფარავდა მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელსაც მართავდა დასავლეთ გერმანიის მთავრობა ბონში. ჩვენ შეგვეძლო გამოგვეყენებინა ზუსტად იგივე ფორმულა უკრაინასთან მიმართებით - შეგვეძლო გვეთქვა, კარგით, მეხუთე მუხლი ფარავს ტერიტორიას, რომელსაც აკონტროლებს კიევში მყოფი მთავრობა. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც გადაუჭრელი გვექნებოდა ზოგიერთი საკითხი, მათ შორის დონბასში, ყირიმში ჩვენ კვლავ შეიძლება გვქონდეს ომის გაგრძელება და აქეთ-იქით მოძრავი სასაზღვრო ხაზი, შეტაკებები უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის. და ასეთ ვითარებაში, ცხადია, წამოიჭრება საკითხი - თუკი რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას დონბასში, გამოიწვევს ეს მეხუთე მუხლის ამოქმედებას თუ არა? როგორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ ასეთ შემთხვევაში? ეს არ არის ტრივიალური კითხვები, ეს გადამწყვეტი კითხვებია - მეხუთე მუხლისა და მასში შემავალი უსაფრთხოების გარანტიების სანდოობის შეკვეცა. ანუ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველა ამ პრაქტიკული საკითხის მოსაგვარებლად უკრაინასთან კონფიდენციალურ მოლაპარაკებებზე. ეს არ უნდა იყოს საჯარო. თუმცა ჩვენ გარკვეული დრო უნდა დავუთმოთ ამ საკითხების მოგვარებას და ამიტომაც ვთვლი, რომ უკრაინას უნდა შევთავაზოთ მოწვევა - სჯობს ეს გავაკეთოთ რაც შეიძლება მალე, ვიდრე გვიან და ამის შემდეგ დავხარჯოთ გარკვეული დრო ამ პრაქტიკული საკითხების მოგვარებაზე უკრაინასთან კონფიდენციალურ მოლაპარაკებებზე, ვიდრე უკრაინა გახდება ნატოს წევრი“.

17 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ გაამარტივებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების პროცესს. მისი თქმით, კიევი უნდა აკმაყოფილებდეს გაწევრიანების ზოგად სტანდარტებს.

XS
SM
MD
LG