თითქმის ორი კვირაა, რაც კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის შეჩერების მოთხოვნით, კულტურის სამინისტროსთან აქციები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა კულტურის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნაზე პასუხი ვერ მიიღეს, 27 ივნისს კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა სამინისტროსთან მორიგი აქცია გამართეს.
23 ივნისს კულტურის მინისტრმა კინოსექტორის ნაწილთან გამართა შეხვედრა, ის ადამიანები, რომლებიც პროტესტში აქტიურად მონაწილეობენ, შეხვედრას არ დასწრებიან.
აქციის მონაწილემ, დოკუმენტალისტმა ნინო გოგუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათ ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ. „პირველი, ეს არის, შეწყდეს კინოცენტრში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ჩვენში იწვევს გონივრულ ეჭვს, რომ ეს ყველაფერი, რაც ხდება, რეალურად, მიმართულია არა კინოსექტორის პრობლემების გადაჭრისკენ, არამედ პარტიული პოლიტიკის გადაჭრის, დაკანონებისა და ნორმალიზებისკენ ამ სფეროში. მეორე მოთხოვნა გვაქვს ის, რომ შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესი. ის განისაზღვროს მხოლოდ არჩევითი გზით, სფეროს წარმომადგენლების ჩართულობით", - გვითხრა ნინო გოგუამ.
აქციაში მონაწილეობდა ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი, ისტორიკოსი, ნუმიზმატი მაია პატარიძე. როგორც მან გვითხრა, კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები ძალიან ჰგავს ეროვნულ მუზეუმში შექმნილ ვითარებას.
„ის, რაც ჩვენს დაწესებულებას დაემართა, როგორი სცენარითაც განვითარდა ჩვენთან მოვლენები, ახლა აბსოლუტურად კალკირება ხდება კინოს მიმართულებით. ჩვენ გვინდა, რომ გავაგებინოთ ყველას, ერთად ვიდგეთ და ავხსნათ, რომ არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ კულტურის სამინისტრომ რაზეც შევთანხმდით, ისიც გაგვიპრობლემა", - განაცხადა მაია პატარიძემ.
კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა 11 ივნისს გაავრცელეს ფეისბუკის პირად გვერდებზე. რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ - ეს წერილი 5 ივნისს კინოცენტრის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. გვერდის ადმინისტრირების უფლება ჩამოერთვათ მოქმედ თანამშრომლებს.
კინოცენტრის დროებით მმართველად კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი თანამშრომელი კობა ხუბუნაია დანიშნა. კინოცენტრის დირექტორის მოვალეობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში კულტურის მინისტრის მოადგილე კარლო (კახა) სიხარულიძე ასრულებდა.
კინოცენტრის თანამშრომლები ითხოვენ, შეწყდეს რეორგანიზაცია, სანამ ცენტრს არ ეყოლება არჩეული დირექტორი, რომელსაც შეარჩევს სექტორისგან არჩეული კომისია.
განცხადებაში, რომელიც 12 ივნისს გავრცელდა, კინოცენტრის თანამშრომლები ღიად ამბობენ, რომ კინოცენტრში მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი არის კინოს პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ მოქცევის მცდელობა.