Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: რუსეთმა 70-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე სასამართლოს გარეშე დასაჯა სიკვდილით


ბუჩის მერის მოადგილე სერჰი შეპეტკო ქალაქის სასაფლაოზე. ბუჩა, 24 თებერვალი, 2023.
ბუჩის მერის მოადგილე სერჰი შეპეტკო ქალაქის სასაფლაოზე. ბუჩა, 24 თებერვალი, 2023.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე საოკუპაციო ხელისუფლების მიერ დაკავებული 70-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იქნა სიკვდილით დასჯილი. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა. ანგარიშის სახელწოდებაა „მოქალაქეების დაკავება უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის კონტექსტში“.

ანგარიშის ავტორების თქმით, საუბარია 72 მამაკაცსა და ხუთ ქალზე. ანგარიშის მიხედვით, სულ მცირე, კიდევ ერთი დაკავებული გარდაიცვალა „წამების, პატიმრობის, არაადამიანური პირობების ან/და აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის შედეგად“.

მთლიანობაში 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდში, რომელსაც მოიცავს კვლევა, გაეროს სადამკვირვებლო მისიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე შეძლო დაედასტურებინა 800-ზე მეტი ადამიანის თვითნებური დაკავების შემთხვევები.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაც არღვევდა საერთაშორისო სამართალს მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავებით, მაგრამ გაცილებით მცირე მასშტაბით.

ანგარიშის მომზადებისას გაეროს ექსპერტებმა გამოჰკითხეს ათასზე მეტი ადამიანი - დაკავებულები, მათი ახლობლები, ადვოკატები, უფლებადამცველები და ოფიციალური პირები. ინტერვიუების დროს მიღებული ინფორმაცია შემოწმდა და დადასტურდა ადგილზე დაკვირვებით, დოკუმენტებითა და ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით.

რუსეთს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი გაეროს მოხსენებაზე.

მარტში გაეროს სადამკვირვებლო მისიამ რუსეთის შეჭრის მსვლელობისას უკრაინაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ თავის რეგულარულ ანგარიშში დააფიქსირა თითქმის 6000 მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის. მათგან 1600-ზე მეტი მოკლულ იქნა. გარდა ამისა, ანგარიშში ნახსენებია სასამართლოს გარეშე ტყვეების სიკვდილით დასჯის 40 შემთხვევა ორივე მხრიდან.

XS
SM
MD
LG