თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მან დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ მოსამართლეს ბრალდებულის მიმართ საპატიმრო ღონისძიება არ გამოეყენებინა. თავად შუბითიძემ განაცხადა, რომ ბრალს აღიარებს და მიმალვას არ აპირებს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 აგვისტოს, 12:00 საათზე დაინიშნა.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 25 ივნისს დააკავეს.
პროკურატურის განცხადებით, სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას შუბითიძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.
2023 წლის 29 აპრილს „შაბათის ფორმულამ“ ჩაწერა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვებოდა. შუბითიძის თქმით, საქმის გამოძიება გაყალბდა.
ტელეკომპანია „ფორმულის“ ინფორმაციით, საქმის გამომძიებელმა "შაბათის ფორმულასთან" რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ილაპარაკა.
„სერგო შუბითიძე იყო ის გამომძიებელი, ვინც ბაჩალიაშვილის ტელეფონი ჩაიბარა და შემდეგ მასში შენახული ინფორმაცია გადაამოწმა. გამომძიებელი საქმის გაყალბების ათვლის წერტილად სწორედ იმ მომენტს ასახელებს, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, გახსნილი ტელეფონი ე.წ. ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა“, - ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.