Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა შიმშილზე ლაპარაკობს, ხელისუფლება აშშ-ის საწინააღმდეგო აღლუმებს ატარებს


ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მასშტაბური აღლუმები გამართა აშშ-ის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა ქვეყნის მოსახლეობა შიმშილზე ლაპარაკობს.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში გამართულ აღლუმებში, რომლებიც კორეის ომის დაწყების იუბილეს დაემთხვა, მონაწილეობა მიიღო "120 ათასამდე მშრომელმა და სტუდენტმა". სააგენტოს ცნობით, ისინი ფიცს დებდნენ, რომ აწარმოებენ "შურისძიების ომს" იმისთვის, რათა "განადგურდეს აშშ". მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: "აშშ ჩვენგან გასროლის მანძილზეა".

მანამდე "ბიბისიმ" შეძლო საიდუმლოდ გასაუბრებოდა ჩრდილოეთ კორეის სამ მცხოვრებს, რომლებიც ჰყვებოდნენ საკვების ნაკლებობაზე და შიმშილით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებზე. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, მან იცის ადამიანებზე, რომლებმაც სიცოცხლე შინ დაამთავრეს თვითმკვლელობით ან მთებში წავიდნენ სიკვდილისთვის, რადგან ცხოვრებისთვის საჭირო სახსრებს ვეღარ გამოიმუშავებდნენ. "საკვების კრიზისი" ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმაც ახსენა.

ჩრდილოეთმა კორეამ თავისი საზღვრები ჩაკეტა 2020 წელს, კორონავირუსზე პირველივე ცნობების გავრცელებისას და შეწყვიტა მარცვლეულის, სასუქების და ტექნიკის იმპორტი ჩინეთიდან. საზღვარი გაამაგრეს ღობით და, როგორც იუწყებიან, მესაზღვრეებს უბრძანეს, ესროლონ ყველას, ვინც მის გადაკვეთას შეეცდება. ამან შეუძლებელი გახადა საკვების კონტრაბანდული გზით შეტანა არაფორმალურ ბაზრებზე, სადაც ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის უმრავლესობა ყიდულობდა საკვებს.

"ბიბისიმ" მიმართა ჩრდილოეთ კორეის მთავრობასაც, სადაც მას უპასუხეს, რომ ხელისუფლება "პირველ პლანზე ყოველთვის ხალხის ინტერესებს აყენებდა, რთულ დროშიც კი".

ასეთ ფონზე, ჩრდილოეთი კორეა რეგულარულად ატარებს იარაღის გამოცდებს - 2022 წელს ხელისუფლებამ 63 ამგვარი გამოცდა ჩაატარა. მათი საერთო ღირებულება, გავრცელებული შეფასებით, 500 მილიონ დოლარს აჭარბებდა. ეს თანხა უფრო მეტია იმაზე, რაც საჭიროა ჩრდილოეთ კორეაში მარცვლეულის ყოველწლიური დეფიციტის შესავსებად, ამბობს "ბიბისი".

1950-53 წლების კორეის ომი დასრულდა ცეცხლის შეწყვეტით, მაგრამ - არა სამშვიდობო შეთანხმებით. ფორმალურად, ჩრდილოეთი კორეა და სამხრეთი კორეა ომის მდგომარეობაში რჩებიან. აშშ და სამხრეთი კორეა მაშინ მოკავშირეები გახდნენ.

XS
SM
MD
LG