Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გახსნა „პრიგოჟინის ამბოხების“ გამო დაკეტილი ე.წ. საზღვარი


საილუსტრაციო ფოტო. მდინარე ენგურის ხიდი სამეგრელოს რეგიონსა და აფხაზეთს შორის
საილუსტრაციო ფოტო. მდინარე ენგურის ხიდი სამეგრელოს რეგიონსა და აფხაზეთს შორის

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გახსნა დანარჩენ საქართველოსთან 25 ივნისს ცალმხრივად დაკეტილი ე.წ. საზღვარი.

რადიო თავისუფლების წყაროების ინფორმაციით, დღეს, 26 ივნისს, მოქალაქეებს გადაადგილება ისევ შეუძლიათ ორივე, ე.წ. გამშვები პუნქტით - ენგურის ხიდით, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს და საბერიო-ფახულანის პუნქტით, რომელიც გალის რაიონის და სამეგრელოს რეგიონის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს.

„როგორც გავიგეთ, დილით, ათ საათზე იყო სოხუმში თათბირი, იქ გადაწყვიტეს ეს ამბავი და შემდეგ „მესაზღვრეებს“ მისცეს ბრძანება, რომ გაეშვათ ხალხი. ენგურის ხიდზე უკვე ორმხრივად მოძრაობს ხალხი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებმა.

საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნა დაგვიდასტურა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ფახულანში, კახა გოგოხიამ: „25 ივნისს, როცა ჩაიკეტა ე.წ. საზღვარი, საუბარი იყო, რომ შეზღუდვა 3 დღით დარჩებოდა, მაგრამ დილით, დაახლოებით 11:00 საათზე, უკვე ორმხრივად გაიხსნა“.

24 ივნისს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი და მისი შეიარაღებული დაჯგუფება რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში შევიდნენ და სამხედრო ობიექტები დაიკავეს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასაზღვრო სამსახური.

25 ივნისს დე ფაქტო ხელისუფლებამ ცალმხრივად დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთ არ უშვებდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გადაადგილება შეეძლოთ მხოლოდ მათ, ვინც სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში მიემგზავრებოდა. გამონაკლისის სახით, საოკუპაციო ხაზის ორივე მიმართულებით გადაკვეთის უფლება ჰქონდათ მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლებს.

  • 23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
  • 24 ივნისს, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
  • რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
  • 24 ივნისს ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
  • პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
  • პრიგოჟინის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.
XS
SM
MD
LG