მუსლიმთა ყოველწლიური სვლა საუდის არაბეთში, მექაში, მოსალოცად, იგივე ჰაჯი, წელს 26 ივნისს იწყება.
ათიათასობით ადამიანი უკვე ჩავიდა მექაში და „დიდ მეჩეთში“, რიტუალის თანახმად, გარს უვლიან ქააბას.
წელს მექაში მოელიან ორ მილიონზე მეტ მლოცველს 160 ქვეყნიდან. ჰაჯი ისლამის ხუთიდან ერთ-ერთი სვეტია.
ისლამის თანახმად, მისი ყველა მორწმუნე მიმდევარი, რომელიც ჯანმრთელია და იქ ჩასვლა ძალუძს, სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა ესტუმროს მექას ჰაჯიზე.
მექაში ჰაჯის ნაწილი ქააბას, შავნაჭერგადაფარებული კუბის ფორმის წმინდა ნაგებობის გარშემო შემოვლასთან ერთად, არის არაფატის მთაზე ასვლა და ეშმაკის ჩაქოლვა მინაში. სამივე ეს ადგილი საუდის არაბეთშია.