უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, პრიგოჟინის ამბოხთან დაკავშირებული „ბოლო დღეების ტრაგიკომედია“ თვალსაჩინოდ უჩვენებს სხვა ქვეყნების ლიდერებს, თუ რატომ ვერ ხედავს უკრაინა დღეს პუტინის რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობას.
„მარტივი კითხვა: ვისთან შეიძლება რაიმეზე ვისაუბროთ, თუ მთავარ სუბიექტს, როგორც ქვიშა თითებს შორის, ფაქტობრივად, ისე ეცლება ხელიდან ძალაუფლება და ყველა იწმენდს ფეხებს სამხედრო-სტრატეგიულ სარდლობაზე? ამ ხროვის დღეები დათვლილია, სახლი პატრონის გარეშეა დარჩენილი. რუსეთში ვითარება უკონტროლოა, უსუსური კონსტრუქცია დგას ინერციით, ფრთებითა და ლოცვებით. თუმცა ამასობაში სინოპტიკოსები ქარის ახალ ამოვარდნას პროგნოზირებენ...“, - დაწერა მიხაილო პოდოლიაკმა tweeter-ში.
24 ივნისს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. მანვე განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა. პრიგოჟინის განცხადებები გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამასთან, რუსული გამოცემის ცნობითვე, რუსეთში შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
არშემდგარი ამბოხის ქრონიკა:
- 23 ივნისის საღამოს ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო ამბოხი დაიწყო. მისმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ დაიკავა დონის როსტოვი და ხელში ჩაიგდო სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბი.
- პრიგოჟინი მოითხოვდა, გადაეცათ მისთვის რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, „ვაგნერის“ განადგურების სავარაუდო მცდელობისთვის.
- 24 ივნისს პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამხედრო ამბოხის ორგანიზებისთვის. მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში ჩხრეკა ჩატარდა მთელი რუსეთის მასშტაბით.
- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის მიმართვაში აჯანყების სასტიკად ჩახშობის პირობა დადო.
- "ვაგნერის" კოლონები დაიძრნენ მოსკოვისკენ და 24 ივნისის საღამოს დაუბრკოლებლად მიაღწიეს მოსკოვის ოლქის საზღვრებს. რუსეთის დედაქალაქი თავდაცვისთვის ემზადებოდა. ქალაქის შესასვლელებთან ბლოკპოსტები და ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. როსტოვისკენ დაიძრა ჩეჩნეთის სპეცრაზმი.
- საღამოს ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ დაარწმუნა პრიგოჟინი შეჩერებულიყო და თავისი რაზმები ზურგში, ბანაკებში, დაებრუნებინა.
- პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში "გადავა" და რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურება.