აშშ-ის დაზვერვამ ამ ქვეყნის მაღალი რანგის პირებს აცნობა „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის შესაძლო გეგმებზე შეიარაღებული გამოსვლის შესახებ იმ მიზნით, რათა გამოეწვია რუსეთის მაღალი სამხედრო მეთაურობა.
ამის შესახებ იტყობინებიან The New York Times-ი, Washington Post-ი და CNN-ი. ისინი ეყრდნობიან წყაროებს, რომელთა ვინაობას არ ასახელებენ.
Washington Post-ი, კერძოდ, წერს, რომ დაზვერვამ პრიგოჟინის გეგმებზე შეიტყო ივნისის შუა რიცხვებში. ცნობა შეფასებული იყო, როგორც სერიოზული. ამერიკელი ანალიტიკოსები ეჭვობდნენ, რომ ვლადიმირ პუტინი შეინარჩუნებდა ხელისუფლებას, ასევე შეშფოთებას გამოხატავდნენ რუსეთის ბირთვული სამხედრო არსენალის ბედზე.
ამასთან, დაზვერვას არ ჰქონდა ზუსტი მონაცემები იმაზე, თუ როდის და რას მოიმოქმედებდა ზუსტად პრიგოჟინი, ლაპარაკი იყო მხოლოდ „სიგნალებზე“.
წყაროების თანახმად, 21 და 22 ივნისს დაზვერვის წარმომადგენლებმა ვითარების შესახებ აცნობეს მაღალი რანგის პირებს აშშ-ის ადმინისტრაციასა და კონგრესში. CNN-ის თანახმად, დაზვერვის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს კონგრესმენები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან, „ვაგნერელების" თავმოყრაზე. მოვლენების განვითარების სისწრაფე აოცებდა აშშ-ის ოფიციალურ პირებს.
"ვაგნერის" მეთაურმა თავისი ამბოხების შესახებ გამოაცხადა 23 ივნისს, თუმცა პრიგოჟინი უკვე დიდი ხანია აკრიტიკებს არმიის უმაღლეს სარდლობას.
შაბათს, 24 ივნისს, თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მრჩევლებმა დილით გააცნეს ინფორმაცია რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ენტონი ბლინკენი, პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი, შტაბების გაერთიანებული კომიტეტის უფროსი მარკ მილი და CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი. პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთში არსებული ვითარება ტელეფონით განიხილა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან. ამ ქვეყნების ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს „ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, სხვა დეტალები თეთრი სახლის განცხადებაში არ არის ნათქვამი.
შეხვედრა შედგა იმ მომენტამდე, როდესაც პრიგოჟინმა 24 ივნისის საღამოს მოსკოვისკენ სვლი შეწყვეტისა და თავისი მებრძოლების საველე ბანაკებში განთავსების შესახებ გამოაცხადა. როგორც გამოცემა Politico აღნიშნავს, აშშ-ს ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ახლა ცდილობენ შეაფასონ, თუ რა ზეგავლენას იქონიებს ამბოხების მცდელობა უკრაინაში ომის გაგრძელებაზე. აშშ-ს და ევროპელ ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ არ ღირდა რუსეთში დაპირისპირების არცერთი მონაწილის მხარდაჭერა, ამავე დროს კონფლიქტს შეეძლო კონტრშეტევაში უკრაინისთვის წარმატების შანსი მიეცა. გაზეთის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ვლადიმირ პუტინმა შეიძლება დაიწყოს კიდევ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება და გამოიწვიოს შესაძლო ქაოსი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ბირთვული არსენალის დაცულობას.
25 ივნისის დილის მდგომარეობით, "ვაგნერის" დაქირავებულ მებრძოლთა აქტიური მოქმედება დასრულებული იყო. შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ ისინი დაიძრნენ ვორონეჟის და ლიპეცკის ოლქებიდან და ტოვებდნენ მათ. უფრო ადრე ისინი გავიდნენ დონის როსტოვიდან. 24 ივნისის საღამოს შემდეგ პრიგოჟინს არ გაუკეთებია კომენტარი მოვლენების გარშემო.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, რომ პრიგოჟინი წავა ბელარუსში, მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდება და „ვაგნერის“ დაქირავებული მეომრები არ დაისჯებიან ამბოხებაში მონაწილეობისთვის.