Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის, ასევე რუსი ოლიგარქების თვითმფრინავებმა მოსკოვი დატოვეს - მედია


(საილუსტრაციო ფოტო)
(საილუსტრაციო ფოტო)

ზოგიერთმა რუსმა ოლიგარქმა შეძლო დაეტოვებინა ქვეყანა კერძო სამხედრო გაერთიანების, „ვაგნერის“ ამბოხების ფონზე, ამ დროს მოსკოვიდან საზღვარგარეთ თვითმფრინავის ბილეთები უახლოეს დღეებზე ან მთლიანად გაყიდულია ან ასიათასობით რუბლი ღირს. ამის შესახებ წერს გამოცემა "ვაჟნიე ისტორიი" ("მნიშვნელოვანი ამბები").

გამოცემის თანახმად, მოსკოვიდან შაბათს, დღისით, გაფრინდა ორი თვითმფრინავი, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სარგებლობს. Ту-214ПУ მოსკოვიდან გაფრინდა და რადარებიდან გაქრა ტვერთან ახლოს, რაც თეორიულად შეიძლება ნიშნავდეს მის ვალდაის რეზიდენციაში გაფრენას. მეორე საპრეზიდენტო თვითმფრინავი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინი კრემლში მუშაობს. პუტინის მეგობრისა და ოლიგარქის, არკადი როტენბერგის, Bombardier BD-700-ის ტიპის ბიზნეს თვითმფრინავი დილას ბაქოში გაფრინდა და აზერბაიჯანის დედაქალაქში დაეშვა. როტენბერგის პრეს-სამსახური ამტკიცებს, რომ ის მოსკოვშია.

რუსეთის ვიცე-პრემიერის, დენის მანტუროვის Sukhoi Superjet-ი მოსკოვიდან დილას გაფრინდა და თურქეთში დაეშვა. მანტუროვის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ მას რუსეთი არ დაუტოვებია.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლიგარქ ვლადიმირ პოტანინის Gulfstream G650-ი სტამბულში გაფრენას ელოდებოდა. ბოლო საათებში მოსკოვიდან ბილეთების ფასი მკვეთრად გაიზარდა, რასაც აღნიშნავენ კერძოდ, The Bell და "კომერსანტი".

ბილეთები სტამბოლში, ასტანასა და თბილისში უახლოეს დღე-ღამეზე აღარ არის, ხოლო ერევნის ბილეთების ფასი 200 ათას რუბლამდე გაიზარდა. თუმცა, ორშაბათს გასაფრენი ბილეთების ფასი ჯერჯერობით ძალიან არ გაძვირებულა.

XS
SM
MD
LG