Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დასავლეთს აფრთხილებს ქვეყნის შიდა არეულობა არ გამოიყენონ


აბრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს შენობაზე
აბრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს შენობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „შეიარაღებული აჯანყების მცდელობას“ რუსეთის საზოგადოების დიდი ნაწილი არ ემხრობა, ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს რუსეთის პრეზიდენს ვლადიმირ პუტინს. ამასთან რუსეთის საგარეო უწყება მიმართავს დასავლეთის ქვეყნებს.

„ჩვენ ვაფრთხილებთ დასავლეთის ქვეყნებს, არ გამოიყენონ შიდა რუსული ვითარება თავიანთი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად. ასეთი მცდელობები უშედეგოა და ვერ იპოვის პასუხს ვერც რუსეთში და ვერც საზღვარგარეთ გონიერ პოლიტიკურ ძალებში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნება ხალხისა და რუსეთის სახელმწიფოს საუკუნოვანი სიბრძნის შესაფერისად. სპეცოპერაციის ყველა მიზანი და ამოცანები შესრულდება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად რუსეთი გააგრძელებს სუვერენულ კურსს, თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავისი ღირებულებების დასაცავად და საერთაშორისო არენაზე თავისი ავტორიტეტის გასაძლიერებლად რათა „ჩამოაყალიბოს სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი“.

23 ივნისის საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“.

ევგენი პრიგოჟინმა ტელეგრამარხზე დაწერა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები მოსკოვის ოლქისკენ მიიწევენ.

XS
SM
MD
LG