Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის სამინისტროს გარდა ინფორმაცია ვერცერთი უწყებისგან ვერ მიიღო


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა, რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მოითხოვა, თუმცა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის გარდა ინფორმაცია არცერთმა პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებამ არ მიაწოდა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩანიშვნისკენ მოუწოდა.

"გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მათიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე. სამწუხაროდ, ვერ მივიღე საჭირო ინფორმაცია ვერცერთი სხვა პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურისგან.

ვერც შს მინისტრისგან, რომელსაც ევალება ჩვენი საზღვრის კონტროლი და ამავე დროს, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ზოგადად ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს და მიზიარებდეს;

ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომლის ერთ-ერთი მიმართულება საკუთარი უწყების კანონის თანახმად, არის ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა;

ვერც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომელსაც პირდაპირ კანონით ევალება საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა", - თქვა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან არათუ ინფორმაციის მიღება, მასთან დაკავშირებაც ვერ მოხერხდა.

პრეზიდენტის შეფასებით, ამ მდგომარეობაში სახელმწიფო სტრუქტურების ასეთი ქმედება "საგანგაშოა".

"იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილონ ამ ფორმატში: ერთია საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, მეორე არისსანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, ანუ იმ სიების რომელიც არსებობს და ჩვენი პარტნიორები ამ სიებს აკონტროლებენ.

ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, რამეთუ საზოგადოებამ დროულად და დეტალურად უნდა მიიღოს მისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საზღვრის "ზედმიწევნით" გაკონტროლებისკენ ხელისუფლებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს დილით მოუწოდა:

"ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით".

23 ივნისის საღამოს, „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“.

ევგენი პრიგოჟნმა ტელეგრამ-არხზე დაწერა რომ კერძო სამხერდო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებული მეგრძოლები მოსკოვის ოქლისკენ მიიწევენ.

XS
SM
MD
LG