Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი მედია: დონის როსტოვში, სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბთან აფეთქება მოხდა


დონის როსტოვი. 24 ივნისი, 2023 წელი
დონის როსტოვი. 24 ივნისი, 2023 წელი

ტელეგრამის არხებზე ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ადამიანები გარბიან, დონის როსტოვის ადგილობრივი მედიის თანახმად, სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბთან აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ სროლა იყო.

"რაღაცამ „იბუთქა“ სამხრეთის სამხედრო შტაბის რაიონში, გვატყობინებენ ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტები. ამის შემდეგ „ვაგნერელებმა“ იქ შეკრებილი მოქალაქეების განდევნა დაიწყეს", - აზუსტებს როსტოვის გამოცემა 161.ru, თუმცა, კვლავაც გაუგებარია, კონკრეტულად რა მოხდა.

161.ru, სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები სამხრეთის სამხედრო ოლქის მიდამოებში ნაღმების ზღუდეებს აყენებდნენ.

ცნობილია, რომ რეგიონის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა მოსახლეობას ერთიანობისა და რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამას გარდა, სოციალურ ქსელებში გავრცელდა, სავარაუდოდ, "ვაგნერის" კოლონაზე როსტოვის ოლქში, "დონის" ტრასაზე მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეო.

რადიო თავისუფლება ოპერატიულად ვერ ადასტურებს მის ნამდვილობას.

ტელეგრამის არხი "როსტოვ გლავნი" აქვეყნებს სამხედრო ტექნიკის დიდი კოლონის ვიდეოს. ეს ვიდეო რედაქციას გამომწერმა გაუგზავნა. მისი სიტყვებით, ავტომანქანები და სატვირთო მანქანები ჩეჩნეთიდან დონის როსტოვისკენ მიემართებიან.

რუსეთის „ეფესბემ“ სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ფაქტზე. რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, ევგენი პრიგოჟინს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია. მანვე თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება "გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება".

• პარასკევს, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის რეგულარულმა არმიამ სარაკეტო თავდასხმები განახორციელა მისი ქვედანაყოფების ზურგში და, რომ იყო ბევრი მსხვერპლი.

• ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანია იწყებს "სამართლიანობის მსვლელობას" - შეიარაღებულ სვლას მოსკოვისკენ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის დასჯის მიზნით.

• რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრიგოჟინის ცნობებს დაქირავებული მებრძოლების ბანაკებზე თავდასხმის შესახებ ყალბი უწოდა და პროვოკაციად შეაფასა.

• რუსმა გენერლებმა "ვაგნერის" მებრძოლებს მოუწოდეს, უარი თქვან პრიგოჟინის ბრძანებების შესრულებაზე. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდებების მუხლით.

• შაბათ დილისთვის გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" კონტროლი მოიპოვა დონის როსტოვის სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებსა და ვორონეჟის რამდენიმე ობიექტზე.

• შექმნილ ვითარებაში რადიო თავისუფლება ოპერატიულად ვერ ამოწმებს შემოსული ინფორმაციის სიზუსტეს.

XS
SM
MD
LG