მოსკოვის სასამართლომ უარყო ამერიკელი ჟურნალისტის, Wall Street Journal-ის რეპორტიორის, ევან გერშკოვიჩის ადვოკატების მოთხოვნა მის გათავისუფლებაზე და იგი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ამის შესახებ იტყობინება გერმანიის რადიო, რუსეთის სააგენტო Interfax-ის ცნობაზე დაყრდნობით.
გერშკოვიჩს სასამართლომ მაისში გაუზარდა წინასწარი პატიმრობის ვადა აგვისტოს ბოლომდე. იგი დანაშაულს არ აღიარებს.
Wall Street Journal-მა თავის დროზე კატეგორიულად უარყო ჯაშუშობის ბრალდება, რომელიც მის ჟურნალისტს წაუყენეს და განაცხადა, რომ გერშკოვიჩი თავის სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა. კერძოდ, მან ეკატერინბურგის მაცხოვრებლები გამოჰკითხა იმ დანაკარგების შესახებ რეაქციაზე, რასაც უკრაინაში განიცდის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჟურნალისტი რუსეთის მიერ „უმართებულოდ დაკავებულად“ აღიარა. ეს სტატუსი მძევლის სტატუსის ტოლფასია და ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, მის გასათავისუფლებლად გამოიყენოს დამატებითი მექანიზმები - კერძოდ, ამერიკის მოქალაქის გაცვლაზე აწარმოოს მოლაპარაკებები. ჯაშუშობის ბრალდებით გერშკოვიჩს რუსეთში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.