Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის თქმით, უკრაინის ჯარების კონტრიერიში სასურველზე უფრო ნელა მიმდინარეობს


ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 19 ივნისი, 2023.
ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 19 ივნისი, 2023.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ უკრაინის კონტრიერიში „სასურველზე უფრო ნელია“, თუმცა უკანასკნელი კვირების განმავლობაში უკრაინამ ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში რვა სოფელი გაათავისუფლა.

„ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ჰოლივუდის კინოფილმია და შედეგებს ახლავე მოელის. ასე არ არის“, - უთხრა მან BBC-ს. „აქ ადამიანების სიცოცხლე დევს ფსონზე“.

ზელენსკის თქმით, წინსვლის ნელი ტემპის ერთ-ერთი მიზეზი არის რუსეთის ჯარების მიერ ფართო ტერიტორიების დანაღმვა. პრეზიდენტის თანახმად, რუსეთმა უკრაინაში 200 ათას კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორიები დანაღმა.

სამხედრო ექსპერტები ბოლო თვეების განმავლობაში აღნიშნავენ, რომ იმ პირობებში, როცა უკრაინას უარი ეთქმება მისთვის საჭირო იარაღზე, მათ შორის გამანადგურებლებსა და უფრო დიდ რადიუსში მოქმედ რაკეტებზე, ძნელი იქნება სწრაფი და ეფექტიანი კონტრშეტევის იმედის ქონა.

ინტერვიუში ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინისთვის ნატოს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების აუცილებლობაზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბოლოო მიზანი თავდაცვით ალიანსში გაწევრიანებაა.

XS
SM
MD
LG